Accessibility links

site logo site logo

სომხეთის კრიზისი და ლუკაშენკა-სარქისიანის ფარული საუბარი მთიან ყარაბაღზე


ალიაქსანდრ ლუკაშენკა და სერჟ სარქისიანი. ფოტო არქივიდან.

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული კრიზისი ახალ პიკს აღწევს.

8 დეკემბერს სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ამოიწურა ფაშინიანისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა.

ფოტო ერევანში გამართული დემონსტრაციიდან. 5 დეკემბერი.
ფოტო ერევანში გამართული დემონსტრაციიდან. 5 დეკემბერი.

პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და შესაძლო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამშაბათს გადადგომისკენ მოუწოდა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ.

ამ ფონზე 8 დეკემბერს ინტერნეტში გავრცელდა ოთხი წლის წინანდელი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, ბელარუსის ავტოკრატი მმართველი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, და სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი, მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხების მიერ ოკუპირებული 7 რაიონის აზერბაიჯანისათვის გადაცემის შესახებ კამათობენ.

უფრო ზუსტად, პირი, რომლის ხმაც ლუკაშენკასას ჩამოჰგავს, სარქისიანს ეუბნება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, სომხეთს გადაუხდის 5 მილიარდ დოლარს მთიანი ყარაბაღის შვიდი რაიონის დაბრუნების სანაცვლოდ. ამას „დაუშვებელს“ უწოდებს სომხეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი და, თავის მხრივ, ბელარუს კოლეგას ეუბნება, რომ მზად არის იქით გადაუხადოს 6 მილიარდი დოლარი ალიევს, თუ იგი უარს იტყვის ყარაბაღის ტერიტორიების დაბრუნების სურვილზე.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა სწორედ დღევანდელი ხელისუფლების დროს დათმო ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიები მთიანი ყარაბაღის გარშემო, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე 4 წლის წინანდელი ფარული საუბრის ჩანაწერის გაჟონვას დამოუკიდებელი ანალიტიკოსები სწორედ სომხეთის ხელისუფლების მიერ ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ მცდელობად მიიჩნევენ.

სომხეთის იერარქთა „მამობრივი“ მოწოდება

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურის, კათალიკოს გარეგინ მეორის გარდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა კილიკიის „დიადი სახლის“ კათალიკოსმა არამ პირველმაც.

„საზოგადოებაში გაჩენილი მზარდი დაძაბულობის გამო და საგარეო და საშინაო გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ მამობრივად მოვუწოდებთ მას (ნიკოლ ფაშინიანს) მოიხსნას უფლებამოსილება შემდგომი რყევების, შესაძლო დაპირისპირებისა და ტრაგიკული შედეგების თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია ყოველთა სომეხთა კათალიკოსის მიმართვაში, რომელიც ეჩმიაძინის პრესსამსახურმა 8 დეკემბერს გაავრცელა.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, გარეგინ მეორემ მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს და მოსახლეობას თავი შეიკავონ ისეთი გამოთქმებისა თუ მოქმედებებისგან, რომელიც სიძულვილს თესავს და ძალადობის პროვოცირებას ახდენს.

უფრო ადრე ანალოგიური შინაარსის განცხადება გაავრცელა კილიკიის „დიადი სახლის“ კათალიკოსმა არამ პირველმა, რომელიც საზღვარგარეთ, კერძოდ, ლიბანის, სირიისა და კვიპროსის ტერიტორიებზე მდებარე სომხურ ეპარქიებს აერთიანებს.

სომხეთის ორი ყველაზე გავლენიანი სასულიერო ლიდერის ამ მიმართვის ფონია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით განპირობებული კრიზისი, რომელიც ახალ ფაზაში გადავიდა მას შემდეგ, რაც 8 დეკემბრის 12:00 საათზე ამოიწურა წამყვან ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების მიერ სომხეთის მთავრობისათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა.

„როგორც ხედავთ, ნიკოლ ფაშინიანი არ გადადგა. ამიტომ, ამ მომენტიდან, ვიდრე საღამოს 17:00-საათამდე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება გამართონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები, რათა თავიანთი მოთხოვნები და პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ“, - განაცხადა 16 პარტიისგან შემდგარი „მამულის ხსნის ფრონტის“ წარმომადგენელმა და პარტია „დაშნაკცუტიუნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იშხან საგატელიანმა.

ულტიმატუმის ვადის ამოწურვიდან მალევე ერევანში ოპოზიციის მომხრეებმა მოაწყვეს მსვლელობა, რომელზეც კვლავ სკანდირებდნენ „ფაშინიანი-მოღალატე“. ერევნის ქუჩებში დაწყებულ საპროტესტო მსვლელობას მხარდაჭერის ნიშნად საყვირებით უერთდებოდნენ მძღოლები.

სომხეთი პოლიტიკურ კრიზისში ჩაიძირა მას მერე, რაც, სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან მიმდინარე 44-დღიანი საომარი მოქმედების შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებზე, რომელსაც სომხეთის ოპოზიცია „კაპიტულანტურად“ მიიჩნევს.

ერთობლივი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 7 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან. მთიანი ყარაბაღის გარშემო 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

„აი, ვინ ესწრაფვის ძალაუფლებას“

სწორედ მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონის ბედს შეეხება სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანსა და ბელარუსის ავტოკრატ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას შორის 4 წლის წინ გამართული ფარული საუბრის შინაარსი, რომლის გამოქვეყნებაც ერთ-ერთი ტელეგრამის არხის მიერ სწორედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისათვის ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვას დაემთხვა.

როგორც ირკვევა, 2016 წლის ოქტომბერში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ერევნის სამიტზე ორი ლიდერი ერთმანეთში სწორედ მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონის აზერბაიჯანისათვის გადაცემის თაობაზე კამათობენ.

ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ცდილობს დააწმუნოს სომეხი კოლეგა დათანხმდეს ამ რაიონების გადაცემაზე აზერბაიჯანისაგან შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიისა და, პირველ ეტაპზე, 5 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ.

ლუკაშენკა: ის (ალიევი) გადაგიხდის. იგი პირველ ეტაპზე შენ გთავაზობს 5 მილიარდს.

სარქისიანი: მე მას მივცემ 6 მილიარდს. დაე, მან უარი თქვას ამ 7 რაიონზე.

შემდეგ ლუკაშენკა ლაპარაკობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის 20-ათასკაციანი სამვშიდობო ქვედანაყოფის შეყვანაზე მთიან ყარაბაღში „ვითარების სტაბილიზების“ მიზნით, თუ, სავარაუდოდ, სომხეთის პრეზიდენტი დასთანხმდება ალიევის შეთავაზებას.

სარქისიანი: არ შემიძლია ამის გაკეთება. რატომ? იმიტომ რომ ეს 7 რაიონი მოპოვებულია 5 ათასი ბიჭის მიერ, რომლებიც იქ დაიღუპნენ. იქ ხუთი ათასი კაცი დაიღუპა.

ლუკაშენკა: და რა მერე?

სარქისიანი: თუ შენთვის „მერე რააა“, მაშინ ჩემთვის...

ლუკაშენკა: ჩვენ იქ 30 მილიონი დაგვეღუპა. და მერე რა! ჩვენ, რა, დღეს გერმანელებს ვეომებით?

სარქისიანი: ნაკლები დაღუპული არც ჩვენ გვყავს. იმ ომში, ბელარუსისათვის, 30 ათასი დაგვეღუპა.

ლუკაშენკა: მით უმეტეს.

8 დეკბერს სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის, ოფისმა დაადასტურა 4 წლის წინანდელი საუბრის ნამდვილობა, მაგრამ თავი შეიკავა კომენტარებისგან, იმის გათვალისწინებით, რომ „დახურულ ფორმატში ჩატარებული შეხვედრები“ არც უწინ ექვემდებარებოდა და არც ახლა ექვემდებარება კომენტირებას.

ერევანში 4 წლის წინ გამართული ამ საუბრის შინაარსის გამოქვეყნება სწორედ ახლა, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ კონტრშეტევად მიაჩნია ანალიტიკოს ვადიმ დუბნოვს.

„დღევანდელ სომხეთის ხელისუფლებაში მყოფი პირები შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ეს მათთვის სასარგებლოა და ეს აყენებს დარტყმას სერჟ სარქისიანს. გულწრფელად რომ ვთქვა, მე აქ ვერ ვხედავ რაიმე დიდად საზიანოს სერჟ სარქისიანისთვის, რომელიც აქ საუბრობს პრეზიდენტ ტერ-პეტროსიანიდან მოყოლებული ტრადიციული სომხური პოზიციიდან. ანუ ის იცავს ამ რაიონებს და უარს ამბობს ეს 6 მილიარდი ჩადოს ამ რაიონების თავდაცვის გაძლიერებასა და ქვეყნის სამხედრო მომზადებაში. მას ურჩევნია ეს ფული იქით მისცეს ალიევს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც მისთვის დამახასიათებელი ბიზნესლოგიკაა. მაგრამ ეს არ ჟღერს ძალიან კრიტიკულად სერჟ სარქისიანის შემთხვევაში, რომელიც ხელისუფლებაში უკვე ისედაც ვერ დაბრუნდება. ჩემი აზრით, ამ საუბრის გაჟონვა არის მორიგი საარტილერიო სამზადისი დღევანდელი სომხეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ამით თითქოს სურს აჩვენოს, რომ, აი, ნახეთ, ვინ ესწრაფვის ხელისუფლებაში მოსვლას“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი.

„ყველაფერი ძალიან გაურკვეველია“

სომხეთის ოპოზიციამ გადადგომის შესახებ ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს წაუყენა 5 დეკემბერს, მას მერე, რაც ოპოზიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი, დაასახელა „გარდამავალი, ანტიკრიზისული მთავრობის“ ხელმძღვანელად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხოდ დატოვა ოპიზიციის ულტიმატუმი და ჯერჯერობით ფაშინიანს არც სომხეთის ეკლესიის მეთაურის მიმართვაზე მოუხდენია რეაგირება.

აზერბაიჯანთან 44-დღიან კონფლიქტში სამხედრო მარცხმა ნიკოლ ფაშინიანის იმიჯს სერიოზული დარტმა მიაყენა, მაგრამ 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში მოსული პრემიერ-მინისტრის პოზიციები კვლავაც საკმაოდ ძლიერია როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო შტოებში.

„მმართველი პოლიტიკური ძალა საკმაოდ კონსოლიდირებული რჩება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ცალკეული შემთხვევები დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებისა და მმართველი ფრაქციიდან გასვლისა, იმ დროს, როდესაც იგი (მმართველი ფრაქცია) პარლამენტში ფლობს აბსოლუტურ უმრავლესობას“, - ამბობს ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელი, ბორის ნავსარდიანი.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ბოლო კვირებში სომხეთის მთავრობა რამდენიმე საკვანძო მინისტრმა, მათ შორის თავდაცვისა და საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დატოვეს.

ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, რამდენიმე პარლამენტარმა დატოვა ნიკოლ ფაშინიანის მიერ დაარსებული სომხეთის მმართველი პარტია „ჩემი ნაბიჯი“, თუმცა სომხეთის მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ჯერჯერობით ინარჩუნებენ ერთიანობას თავიანთ რიგებში.

„ვინაიდან ყველანი ხელისუფლების ცვლილების კონსტიტუციურ მეთოდზე, ანუ საკითხის პარლამენტის საშუალებით გადაწყვეტაზე, აკეთებენ აქცენტს, შესაძლოა ითქვას, რომ ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან გაურკვეველია“, - დასძენს ბორის ნავსარდიანი.

მაგრამ ნათელია ისიც, რომ ეს „გაურკვევლობა“ სომხეთში ზრდის ესკალაციის რისკს იმ ფონზე, როდესაც დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს.

8 დეკემბერს ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფარგლებში დაიწყო მცირე ჯგუფებად ქუჩების გადაკეტვა. პასუხად პოლიციამ ერევანში დაიწყო არასანქცირებული მსვლელობის მონაწილეთა დაკავება.

იუწყებიან, რომ დაკავებულთა შორის არის „დაშნაკცუტიუნის“ წევრი გეგან მანუკიანი.

გასულ კვირაში სომხეთის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ცნობა ქვეყანაში მოსალოდნელი მასობრივი არეულობების საფრთხის შესახებ. „ტარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა სომხეთის შიდა დესტაბილიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი მოქმედების ნეიტრალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG