Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების კომპანია FireEye-ზე "სახელმწიფო" შეტევა განხორციელდა, ეჭვი რუსეთზეა


აშშ-ის კიბერუსაფრთხოების წამყვანი კომპანია FireEye-ი აცხადებს, რომ ახლახან გახდა თავდასხმის სამიზნე "საერთაშორისო შესაძლებლობების მქონე" ჰაკერების მხრიდან და ვარაუდობს, რომ თავდასხმა სახელმწიფოს მიერ იყო მხარდაჭერილი.

8 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში კომპანიის დირექტორი, კევინ მანდაია ამბობს, რომ ჰაკერები მის ქსელში შეიჭრნენ და მოიპარეს შესაძლებლობები, რომლებსაც კომპანია კლიენტთა უსაფრთხოების შესამოწმებლად იყენებდა.

"თავდამსხმელს უწინარესად აინტერესებდა ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ სამთავრობო კლიენტებთან იყო კავშირში", - წერს მანდაია, სახელების დაკონკრეტების გარეშე. მის ტექსტში ნათქვამი არ არის, როდის აღმოაჩინეს თავდასხმის შესახებ. მანდაია წერს, რომ კომპანია შეტევას FBI-სთან ერთად იძიებს.

FBI-ის კიბერგანყოფილების დირექტორის მოადგილე, მეტ გორამი ამბობს, რომ "ჰაკერების მომზადების მაღალი დონე სახელმწიფოს შეესაბამებოდა". კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თქმით, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ, პროფესიონალ ჰაკერებს შეუძლიათ შეცვალონ მოპარული "წითელი ჯგუფის" შესაძლებლობები და მომავალში ისინი სამთავრობო ან ბიზნესსამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენონ.

კიბერუსაფრთხოების სფეროში ბევრი ეჭვობს, რომ თავდასხმის უკან იდგა რუსეთი, მათ შორისაა ჯეიკ უილიამსი, კიბერუსაფრთხოების კომპანია Rendition Infosec-ის პრეზიდენტი. "მე ვთვლი, რომ ოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაცია ემთხვევა რუსეთს, როგორც სახელმწიფო აქტორს", - ამბობს უილიამსი და განაგრძობს: "იმის მიუხედავად, იქნა თუ არა მოპოვებული კლიენტთა მონაცემები, ეს რუსეთისთვის მაინც დიდი გამარჯვებაა".

FireEye-ი კალიფორნიაშია განთავსებული და მის სერვისს მსოფლიოს გარშემო იყენებენ კომპანიები და მთავრობები, ჰაკერებისგან თავის დაცვის მიზნით. კომპანია ჩართული იყო სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების ჯგუფების მუშაობის გამოძიებაში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის იდენტიფიცირებაში ბევრი თავდასხმის დროს, მათ შორის, 2015 და 2016 წლებში უკრაინის ენერგეტიკის ქსელებზე განხორციელებულ იერიშებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG