Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძის თქმით, ალეკო ელისაშვილმა პოზიციის შეცვლის არგუმენტები უნდა წარმოადგინოს


"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საერთაშორისო ფასილიტატორების მონაწილეობით გუშინ გამართული მეოთხე რაუნდის შემდეგ ალეკო ელისაშვილის განცხადებები მან გაიგო ისე, რომ ის არ გეგმავდა პარლამენტში შესვლას. მისი სიტყვებით, ალეკო ელისაშვილს მოუწევს არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენა, რატომ შეიცვალა პოზიცია.

„მე ვერ გეტყვით, რამ განაპირობა მისი პოზიციის შეცვლა. აუცილებელია გასაჯაროვდეს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებები, ვინაიდან, რამდენადაც ვიცი, [ცესკოს თავმჯდომარის] თამარ ჟვანიას შეცვლის კონფიგურაციის ჩვენეულ ვერსიასაც კი არ თანხმდება „ქართული ოცნება“, შესაბამისად, მე არ მესმის, კოდექსში რა ცვლილებებზე საუბარი წარმოუდგენია. ორი დეპუტატითაც რომ შევიდეს ამ პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე ასახსნელი იქნება და საკმარისი არგუმენტები ჯერჯერობით ვერ მოვისმინე. ამიტომ მე არ მესმის, როგორც ფიქრობს ბატონი ალექსანდრე, ორი ოპოზიციონერი დეპუტატით გააუმჯობესოს ის კლიმატი, რომელიც დღეს არის“, - ამბობს ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების პასუხად.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას. ამავე ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, მოლაპარაკებებზე საბოტაჟს გეგმავენ, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

ხატია დეკანოიძის სიტყვებით, ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლით შეიძლება „ოდნავ გაკეთილშობილდეს ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი“, მაგრამ მას მოუწევს არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენა, რატომ შეიცვალა პოზიცია ოპოზიციონერმა, რომელიც მთავარი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აპირებს პარლამენტში შესვლას.

ამასთან, ხატია დეკანოიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების მონოლითურ ერთობას ვერ შეცვლის.

გუშინ, 8 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, უცხოელი დიპლომატების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების მეოთხე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციამ რამდენიმე საკითხი დააყენა, მათგან ხელისუფლება მხოლოდ ერთზე (საარჩევნო ცვლილებებზე) მსჯელობას გეგმავს. ამ დროის მონაცემებით, 11 დეკემბერს შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG