Accessibility links

site logo site logo

კაპანაძე კობახიძეზე: ან ბოლომდე გაგიჟდა, ან ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა, ან ორივე


სერგი კაპანაძე, ირაკლი კობახიძე

„ან ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა, ან ორივე“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოთქმულ მთავარ მესიჯებს.

„კობახიძემ:

- ნაცებს რეგისტრაციას გავუუქმებთო

- პარლამენტში ვინც არ შევა, დავუკმაყოფილებთ მოთხოვნასო

- არჩევნები არ გაყალბებულაო

- პარტიებს დაფინანსებას არ მივცემთო

- საარჩევნო რეფორმას მაინც გავატარებთ, შემოხვალთ, თუ არ შემოხვალთო

- ჩვენვე შევქმნით დროებით კომისიასო და თუ ჩვენივე კომისია ჩვენს მიერვე არჩევნების გაყალბებას დაადგენსო, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო.

ან ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა, ან ორივე.

აი, ამ არაადეკვატურების ხელშია ქვეყნის ბედი.

აი, ამ ყველაფრის შემდეგ ამ პარლამენტში შესვლა, როგორი სიგიჟეა, ხვდებით ხომ?“, - წერს სერგი კაპანაძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

9 დეკემბერს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე ერთი დღით და მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღით ადრე, ირაკლი კობახიძემ გამართა ბრიფინგი, რომელზეც რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა.

მათ შორის, ის, რომ ყველა იმ დეპუტატს შეუწყდება სადეპუტატო მანდატი, რომელიც შესაბამის განცხადებას წარადგენს და შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საპარლამენტო დარღვევებს შეისწავლის. კომისიის მუშაობის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ 1 %-იანი გადახრის შემთხვევაში, ირაკლი კობახიძე მზადაა, პოლიტიკური კარიერა დაასრულოს. იგი ამბობს, რომ ამავე გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ქვეყანაში ხელახალი არჩევნები გაიმართება.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილზეც და განაცხადა, რომ დაამტკიცებენ კანონს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ისეთ პარტიას, რომლის კამპანიაშიც მონაწილეობას არაუფლებამოსილი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიიღებს.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს 12 საათზე შეიკრიბება. მანამდე ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დასკვნითი, მეხუთე რაუნდი გაიმართება. წინა რაუნდებზე გამართული მოლაპარაკებების შედეგებით, ხელისუფლება და ოპოზიცია თავიანთ წითელ ხაზებს არ თმობენ და მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ​დღევანდელი მოცემულობით, დაზუსტებით ცნობილი არაა, რომელი ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG