Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ხნის ჩიხური ვითარების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს ბიუჯეტის თაობაზე


ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, განბლოკონ კავშირის 1,8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი და კორონავირუსის პანდემიიდან აღდგენის პაკეტი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს კონტინენტის ეკონომიკისთვის. შეთანხმებას უნგრეთი და პოლონეთი ბლოკავდნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

„ახლა შეგვიძლია დავიწყოთ იმპლემენტაცია და ჩვენი ეკონომიკების აღდგენა,“ განაცხადა ბრიუსელში გამართული სამიტის დროს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა. შეთანხმების დეტალებზე მას არ ულაპარაკია.

ვარშავა და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებოდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის პაკეტის მიღებას, რომელშიც შედის 2021-2027 წლის პერიოდის ხარჯვითი გეგმა და 750 მილიარდი ევროს მოცულობის სტიმულირების ფონდი. დისპუტი გამოიწვია ახალმა მექანიზმმა, რომელიც ევროკავშირის ფონდებზე წვდომას უკავშირებს კანონის უზენაესობის სტანდარტებს. ამ მექანიზმის მიხედვით, წევრ ქვეყანას შეიძლება ფონდებზე წვდომა შეუჩერდეს, თუკი ჩაითვლება, რომ გარკვეული საბაზისო დემოკრატიული სტანდარტების დარღვევა საფრთხეს უქმნის ბიუჯეტის მთლიანობას.

პოლონეთის და უნგრეთის მიმართ ევროკავშირი გამოძიებას აწარმოებს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის ბრალდებით. ორივე ქვეყანამ გააპროტესტა საკითხის ასე დაყენება და განაცხადა, რომ ეს მათ საშინაო საქმეებში ჩარევაა იდეოლოგიური ქვეტექსტით.

ჯერ არ არის ნათელი, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, გერმანიის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერენ თუ არა კავშირის სხვა წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG