Accessibility links

site logo site logo

დეგნანი: ვისურვებდით, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი გვენახა სხდომაზე


„ვისურვებდით, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი გვენახა სხდომაზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრების წინ.

კელი დეგნანის თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს ბოლო კვირების განმავლობაში საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, რაც ცხადყოფს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, პოლიტიკოსებს ერთად მუშაობა შეუძლიათ:

„პოლიტიკურმა ლიდერებმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და ეს ბევრ იმ პრობლემას გასცემს პასუხს, რომელიც წარსულში, საქართველოში არჩევნებთან მიმართებით არსებობდა. ვფიქრობ, ამან აჩვენა, რომ მათ ერთად მუშაობა შეუძლიათ, ღრმა განსხვავებების მიუხედავად, მათი ინტერესებისა და მათი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის“.

საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები ესწრებიან.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ, თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებენ. 11 დეკემბერს, 12 საათზე, პარლამენტის სხდომის პარალელურად, „პირველი რესპუბლიკის პარკში“, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს და ამით დაადასტურეს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვა.

მათი განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმები მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG