Accessibility links

site logo site logo

კობახიძე: პრემიერი კვლავ გიორგი გახარია იქნება


„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, რის შემდეგაც დასახელდება მთავრობის წევრობის კანდიდატები.

კობახიძის თქმით, მთავრობის მეთაური კვლავ გიორგი გახარია იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს მთავრობის შემადგენლობას.

„მომავალი პრემიერ-მინისტრი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია და უახლოეს დღეებში გაიმართება კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში მთავრობასა და უმრავლესობას შორის, რის შემდეგაც დასახელდებიან მთავრობის წევრობის კანდიდატები და ალბათ, მომავალ და იმის შემდგომ კვირაშიც შეიძლება დასრულდეს სამთავრობო პროცედურა და უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა“.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს მთავრობა და მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. ამ პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლი.

პარლამენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში, ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

„ქართულ ოცნებაში“ რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში 150-დან 90 დეპუტატი ჰყავს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი გახარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG