Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაია: ლუკაშენკას გადადგომა "დროის ამბავია"


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ "მხოლოდ დროის" ამბავია ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომა - ავტორიტარი ლიდერის, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

ჟურნალ ნიუ-იორკერისთვის მიცემულ, 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ციხანოუსკაია - რომელიც საკუთარ თავს უწოდებს "დემოკრატიული ბელარუსის ლიდერს" - ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ, 9 აგვისტოდან მიმდინარე საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ზამთარში მასშტაბი დაკარგოს, მაგრამ ლუკაშენკა "პოლიტიკურად გაბანკროტებულია" და მისი ძალაუფლება ბოლოს დაეცემა.

"იქნება ეს ეკონომიკური ზეწოლის, თუ სხვა რამის გამო, ხალხი მალე მას აღარ მოითმენს. დიახ, ხალხი დაიღალა და შესაძლოა ზამთრის განმავლობაში არ იაქტიუროს - რადგან ძნელია, როცა უსაფრთხოების ძალები ჭუჭყში გათრევენ და შემდეგ გაყინული და სველი ციხეში მიჰყავხართ. მაგრამ გაზაფხულზე ეს განახლდება", - ამბობს ციხანოუსკაია, რომელმაც ბელარუსიდან თავი მეზობელ ლიეტუვას შეაფარა, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ნიუ-იორკერს ციხანოუსკაიამ ინტერვიუ ინტერნეტის მეშვეობით, ვიდეოჩართვით მისცა. "ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს დემოკრატიისკენ. ... და ჩვენი გზა ეს არის", - ამბობს ის.

რამდენიმე დემონსტრანტი მოკლეს და ათასობით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც არჩევნებში ლუკაშენკა დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა და საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიცია და დასავლეთის ბევრი ქვეყანა არ აღიარებს არჩევნების შედეგს და მას გაყალბებულად მიიჩნევს. არის ცნობები, რომ ოპოზიციის მომხრეებს ციხეებში აწამებენ.

XS
SM
MD
LG