Accessibility links

logo-print logo-print

თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძეზე ამბობს, რომ ის იყო მწვავე და პრინციპული, თუმცა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა


"ქართული ოცნების" ლიდერი, თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შემდეგ მას პოზიტიურად ახასიათებს და ამბობს, რომ ის ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებდა. წულუკიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძე "პირველად გაიცნო" ოპოზიციასთან 8 მარტის შეთანხმების გაფორმების პროცესში.

"ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, პირველად ამას არ ვამბობ, იქ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლი ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და "ქართული ოცნების" ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე თან ის რაღაცა, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში. იტყოდა ძალიან უსიამოვნო რამეს ჩემი ყურებისთვის, "ქართული ოცნების" მოსასმენად, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით და ყოველთვის იყო ნაკარნახევი, თითქოს, უფრო არა ვიწრო პარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა ის არ მომწონდეს და ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს", - თქვა წულუკიანმა.

დღეს დილით გრიგოლ ვაშაძემ "ფეისბუკით" აცნობა საზოგადოებას, რომ ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

"უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად", - წერდა გრიგოლ ვაშაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG