Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება ცხინვალში ტერაქტის აღკვეთის შესახებ


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ტერაქტის მცდელობის აღკვეთის შესახებ იუწყება. ე.წ. კა-გე-ბე-ს პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აფეთქების მცდელობა აღკვეთეს, აფეთქების ორგანიზატორი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაკავებულია.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავებულის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულია იარაღის არსენალი - ავტომატომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკს-74", ორი ხელმყუმბარა „ეფ-1". 600-ზე მეტი ტყვია.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ ამჟამადაც მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიებას ეხმარებიან რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები. საქმეში ჩართულია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო დაზვერვაც.

ო​კუპირებული რეგიონის უშიშროების კომიტეტი სახლის ჩხრეკისას ამოღებული საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალის ფოტოებსაც ავრცელებს. ამ ინფორმაციის გავრცელებას ცხინვალელ კომენტატორებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში. ზოგიერთ მათგანს ეჭვი ეპარება მის სანდოობაში და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშინებლად არის გაკეთებული.

მეორე კვირაა ცხინვალის ცენტრში ადგილობრივი ძალოვანების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და ნათესავები საპროტესტო აქციებს მართავენ და ამ მკვლელობის სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG