Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ამნისტიის კანონი გიორგი რურუასაც შეეხოს - დოკუმენტის ავტორი


ამნისტიის კანონი, რომლითაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულისგან პატიმრების გათავისუფლებაა გათვალისწინებული, "ნაკლებად არის მოსალოდნელი", რომ "მთავარი არხის" მეწილეზე, გიორგი რურუაზეც გავრცელდეს. ამის შესახებ მედიას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

კანონპროექტის მედიისთვის გაცნობის დროს ჟურნალისტი დაინტერესდა, შეეხებოდა თუ არა ეს იმ პირებს, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს, მათ შორის - გიორგი რურუასაც, სარჯველაძემ ასე უპასუხა:

"პოლიტპატიმრის არსებობის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, ალბათ, უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია, ეს შეეხოს იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას".

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ კანონი უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც. უგულავას თქმით, თუ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია საკუთარი ცოდვების "გასაპრავებლად". მანვე აღნიშნა, რომ ბოლო 30 წელში განხორციელებული ყველა ამნისტია ვრცელდებოდა იმ დანაშაულზეც (იარაღის უკანონო ტარება), რა მუხლითაც გიორგი რურუა პატიმრობაშია.

"საყოველთაო ამინისტია სწორი იდეაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და ბატონი სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა. ერთადერთი დეტალი, რაც მისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას", - თქვა უგულავამ.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მმართველმა პარტიამ ამნისტიის კანონპროექტი დღეს დააანონსა. კანონპროექტით გათვალისწინებულია სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლება, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ არ გათავისუფლდება ის დამნაშავე, რომელიც მკვლელობისთვის ან ოჯახში ძალადობისთვის იხდის სასჯელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG