Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა უფლებამოსილების შესაწყვეტად განცხადებები წარადგინეს


საქართველოს პარლამენტს განცხადებებით მიმართეს „ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. როგორც რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, დავით ბაქრაძემ, შალვა შავგულიძემ, ელენე ხოშტარიამ, არმაზ ახვლედიანმა და ტარიელ ნაკაიძემ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ინდივიდუალურად წარადგინეს განცხადებები.

განცხადების შეტანის დროს ტარიელ ნაკაიძემ თქვა: „სერიოზული დარტყმა არის ჩემთვის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ” საქართველო. მაშინ როცა გართმევენ არჩევანს, მაშინ როცა საშუალება აღარ არის, რომ ამ ქვეყანამ განვითარება ჰპოვოს არჩევნების სახით, ამ დროს ამ გადაწყვეტილების გარდა სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს. ეს არის ჭეშმარიტი, სწორი გადაწყვეტილება ოპოზიციისა, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ მე მინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და ეს ქვეყანა წავიდეს წინ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ”, სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჩააგდო ამ მდგომარეობაში”.

„ევროპულმა საქართველომ" რამდენიმე დღით ადრე პარტიული სია გაანულა, რაც ნიშნავს იმას, რომ, მას შემდეგ, რაც ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდება, მათ პარლამენტში ადგილმონაცვლე აღარ ეყოლებათ.

პარტიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა (3,79%​ - 72 986 ხმა, 5 მანდატი)​.

„ევროპული საქართველო" საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

XS
SM
MD
LG