Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს სახაროვის პრემია გადასცა


ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი (ცენტრში) სახაროვის პრემიის მინიჭებას ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერანიკა ცაპკალას და სვიატლანა ციხანოუსკაიას (მარჯვნივ). ბრიუსელი, 2020 წ. 16 დეკემბერი.
ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი (ცენტრში) სახაროვის პრემიის მინიჭებას ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერანიკა ცაპკალას და სვიატლანა ციხანოუსკაიას (მარჯვნივ). ბრიუსელი, 2020 წ. 16 დეკემბერი.

16 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს სახაროვის პრემია გადასცა აზროვნების თავისუფლებისთვის.

ჯილდო გადასცეს პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას. ლაურეატთა შორის არიან ასევე მისი მეუღლე სერგეი ციხანოუსკი, მწერალი სვიატლანა ალექსიევიჩი, უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მიკალაი სტატკევიჩი, Telegram-ის არხის, Nexta-ს დამაარსებელი სტეპან პუტილა, ასევე აქტივისტები მარია კალესნიკავა, ვერანიკა ცაპკალა, ოლგა კავარლკავა და სიარჰეი დილევსკი.

დაჯილდოების ცერემონია შედგა ევროპარლამენტის სხდომაზე ბრიუსელში. პრემიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 22 ოქტომბერს იქნა მიღებული.

ლიტველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბელარუსში ამჟამად მიმდინარე მიტინგებს უწოდა „ახალი ტიპის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც დიქტატურას არ შეუძლია გასრისოს სასტიკი საპოლიციო ძალითა და სახელმწიფო პროპაგანდით“.

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ პირობა დადო, დახმარება გაუწიოს ბელარუსის მოძრაობას.

ციაპკალას თქმით, ჯილდო იმის ნიშანია, რომ „ბელარუსელი ხარხი მარტო არ არის დიქტატორული რეჟიმის პირისპირ.“ თავად ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ პრემია დაიმსახურა დემოკრატიისთვის მებრძოლმა ყველა ბელარუსელმა.

50000 ევროს ოდენობის ყოველწლიური პრემია საბჭოთა ფიზიკოსის და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს. პრემია დაარსდა 1988 წელს იმ პირებისა და ორგანიზაციების დასაჯილდოებლად, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მანამდე ეს პრემია მინიჭებული აქვთ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციას და ბელარუსელ პოლიტიკოს ალიაქსანდრ მილინკევიჩს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG