Accessibility links

logo-print logo-print

ცუდ პროგრამაში დახარჯული მილიონები - აი, რატომ არ გვარდება უსახლკაროების პრობლემა


იმის მიზეზი, რის გამოც უსახლკაროების პრობლემა, წლებია, ვერ გვარდება, არასწორად ფულის ხარჯვა და საკითხისადმი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა.

15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12-მდე უნებართვოდ აშენებული ნაგებობა დაანგრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლები იყო და სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.

ქვეყანაში ძალიან ბევრს უჭირს... ყველა ეს ადამიანი შეძლებდა სახლის უკანონოდ აშენებას და თქმას, რომ ეს მისი საკუთრებაა და მას არ უნდა შევეხოთ“, - წერია თბილისის მერიის განცხადებაში. - რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს, დაახლოებით, 7 მილიონ ლარს. ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ადამიანებს, ასეთ ოჯახებს ვეხმარებით - ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნია, გაგვყავს ქირით“.

თბილისის მერიას სამი პროგრამა აქვს. ერთით ლილოს თავშესაფარი ფინანსდება, რომელიც მას შემდეგ აშენდა, რაც 2012 წელს 2 ადამიანი ქუჩაში გაიყინა; მეორე ორხევის სოციალურ საცხოვრისს ინახავს და მესამე აფინანსებს ქირას, რომელიც უსახლკაროებს თეორიულად სახლის დაქირავების შანსს აძლევს.

ლილოს თავშესაფარი ოჯახებზე თავიდანვე არ იყო გათვლილი, ორხევის საცხოვრისი კი მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოჯახს იტევს. რაც შეეხება ქირას, ეს პროგრამა ექვსთვიანია და იმდენად მოუხერხებელი, რომ ბენეფიციარები მასზე ხშირად თავადვე ამბობენ უარს.

„ბინის ქირის პროგრამა, რომელზეც თბილისის მერი საუბრობდა, ძალიან ცუდი პროგრამაა და ამას, წლებია, ვამბობთ. 6 თვეში სრულდება და ადამიანი ჰაერში რჩება. ქირა მცირე თანხას გულისხმობს. გარეუბნებში, ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ბინის დაქირავება. რეალურად მერია მილიონობით ლარს ხაჯავს პროგრამაში, რომელიც უსახლკაროებისთვის არაფრის მაქნისია“, - ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე.

უსახლკაროებს სტატუსს მერიაში შექმნილი კომისია ანიჭებს, თუმცა მათაც კი, ვინც ამ სტატუსის მიღება შეძლო, არ მიუწვდებათ ხელი სერვისებზე, რომლებიც მათ გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველყოფდა ან მისცემდა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ცოდნასა და ჩვევებს.

რამდენი უსახლკარო გვყავს?

ამას დავასუფთავებთ, ერთ საწოლს დავიდგამ და რაღაცა იქნება“, - ასე უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ნოზაძემ, რომელიც ივლისში სხვებთან ერთად დიდი დიღმის ერთ-ერთ ობიექტზე შეიჭრა. შენობა სავსე იყო შუშის ნამტვრევებითა და ნაგვით. უწყლო, უშუქო, უგაზო სართულებს არც საპირფარეშო ჰქონდა, არც კარ-ფანჯარა, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არ იცხოვრებოდა.

დაახლოებით ისეთივე პირობებია სხვაგანაც, სადაც უსახლკაროები თვითნებურად იჭრებიან.

საქართველოში შიდა მიგრანტები ძირითადად ორ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში - იყრიან თავს. მათი ზუსტი რაოდენობა სახელმწიფომ არ იცის. რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ქალაქში 400 ისეთი ობიექტია, რომელიც უკანონოდ შეჭრილებს აქვთ დაკავებული, მაგრამ ეს მონაცემები სრულყოფილი არ არის.

ამის გარდა არსებობს აფრიკის მსგავსი დასახლებები და მიუსაფარი ადამიანების ჯგუფები ქუჩებში. მერიამ არათუ რაოდენობა, ისიც კი არ იცის, თუ რა სახის უსახლკარობასთან გვაქვს საქმე, რა მიზეზების გამო რჩება ეს ხალხი სახლის გარეშე. ეს საკითხი არ შეუსწავლიათ“, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

თუმცა საკითხი მეტ-ნაკლებად შესწავლილი აქვს არასამთავრობო სექტორს და იკვეთება, რომ შიდა მიგრაციის მიზეზი ხშირად ოჯახში ძალადობა, რეგიონებში სამედიცინო სერვისისა და სამუშაო ადგილების არარსებობა ან, მართლაც, უსახლკარობაა.

ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად მსოფლიოში სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, კერძოდ: ქალაქების საბინაო ფონდები, რაც ბენეფიციარების საცხოვრისით ხანგრძლივად, წლობით უზრუნველყოფს; არსებობს ასევე პრაქტიკა, როცა უსახლკაროს სახელმწიფო სახლის საფასურის ნაწილს უხდის ან ბენეფიციარს საშუალებას აძლევს სესხი პროცენტის გარეშე გადაიხადოს. საქართველოში ეს პრაქტიკები არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG