Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Charlie Hebdo-სა და ებრაულ სუპერმარკეტზე თავდასხმის ფიგურანტებს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯათ


პარიზის სასამართლომ 2015 წელს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციასა და ებრაულ სუპერმარკეტზე თავდასხმის ფიგურანტებს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდა 14 პირი. სამმა მათგანმა სირიაში მოახერხა გაქცევა და ისინი ამჟამად იძებნებიან. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

საფრანგეთისა და თურქეთის მოქალაქეს, ალი რიზა ფოლათს, რომელმაც ტერაქტების მზადებაში ითამაშა როლი, ტერორისტულ ბოროტმოქმედებაში თანამზრახველობისთვის გამოუტანეს განაჩენი. 14-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სხვადასხვა დანაშაულში.

პარიზის სასამართლომ ასევე დაუსწრებლად მიუსაჯა 30-წლიანი პატიმრობა ერთ-ერთი თავდამსხმელის პარტნიორ ქალს, ჰაიათ ბუმედინს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სირიაში იმყოფება.

სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მოჰამედ ბელუსინს, რომელიც დაუსწრებლად გაასამართლეს. მიიჩნევა, რომ ის სირიაში გარდაიცვალა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენებიდან ყველაზე დაბალი სასჯელი ოთხი წლით პატიმრობაა.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე 2015 წლის 7 იანვარს მომხდარი თავდასხმისას 16 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ჟურნალმა გამოაქვეყნა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა, რამაც მთელ მსოფლიოში განარისხა მუსლიმები. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ამ თავდასხმიდან მეორე დღეს, ებრაულ სუპერმარკეტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

სამივე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა თავდასხმებისას გამართული სროლის დროს. ასევე დაიღუპა პოლიციის ერთი თანამშრომელი.

კარიკატურისტების მოკვლამ ღრმად შეაძრწუნა სეკულარული საფრანგეთი, რომელსაც ანტიკლერიკალური სატირის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG