Accessibility links

site logo site logo

არასრულწლოვნის მიერ შექმნილი ყალბი გვერდით თანხების მითვისების ბრალდებით 3 პირი დააკავეს


თბილისის პოლიციამ დააკავა 3 პირი, რომლებსაც ბრალად ედება ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და დიდი ოდენობით თანხის მოპარვა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული ო.ა. და 1995 წელს დაბადებული ბ.ა. ამავე ფაქტებზე მხილებულია 2003 წელს დაბადებული რ.ნ.

შსს-ს ინფორმაციით, „არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. იგი ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის. აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა“.

შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულმა გ.ა.-მ კიდევ ორ ბრალდებულს, ო. ა.-ს და ბ. ა.-ს გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ დაარეგისტრირებინა ე.წ. ელექტრონული საფულეები, საიდანაც ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს. გამოძიების თანახმად, ეს პირები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ჯამში, 72 500 ლარს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მათ 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG