Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ოთხი საათით


ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია
ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია

რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილი ვლადიმირ პუტინის ტრადიციული პრესკონფერენცია 17 დეკემბერს ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე გაფანტული 700-ზე მეტი ჟურნალისტის მონაწილეობით.

კორონავირუსის პანდემიის გამო პუტინი ნოვო-ოგარევოში მდებარე რეზიდენციიდან, იზოლირებული უპასუხებდა შეკითხვებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, ხოლო ჟურნალისტების ძირითადი მასა, ტრადიციულად, იმყოფებოდა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში. გამონაკლისი იყო მხოლოდ ორი ათეული ჟურნალისტი, რომლებიც უშუალოდ ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში პრეზიდენტისათვის ორგანიზებულ დარბაზში იმყოფებოდნენ.

მარათონული წლიური პრესკონფერენციის მთავარი ინტრიგა იყო, დაისმებოდა თუ არა შეკითხვები წინა დღეებში გამოქვეყნებული ორი გახმაურებული გამოძიების თაობაზე, რაზეც კრემლი დუმილს ინარჩუნებდა.

ერთი შეეხება რუსი ანტიკორუფციონერი პოლიტიკოსისა და პუტინის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის საქმეში რუსეთის ეფესბეს კონკრეტული თანამშრომლების მონაწილეობას;

მეორეში კი ფიგურირებს პუტინის ყოფილი სიძე, კირილ შამალოვი, რომელსაც თავის დროზე რუსეთის უმსხვილესი ნავთობქიმიური ქარხანა „სიბურის“ აქციათა 3,8 % საბაზრო ღირებულებაზე 3,8 მილიონჯერ შემცირებული ფასით, სულ რაღაც 100 დოლარად შეუძენია.

ვლადიმირ პუტინმა ორივე ამ გამოძიებას „შემოგდებული ინფორმაცია“ უწოდა, რომელთა ავტორები აშშ-ის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

პრესკონფერენციის დროს პუტინს შეკითხვა დაუსვეს ასევე სავარაუდო რუსი ჰაკერების მიერ აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების შესახებ, რომელთა სამიზნე აშშ-ის შინაგან საქმეთა, ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროები იყო.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „გამონაგონია“ და რუსი ჰაკერები არასოდეს ჩარეულან აშშ-ის შიდა საქმეებში. ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში „გამოცდილი ადამიანი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გადაიჭრება იმ პრობლემების ნაწილი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში წლების განმავლობაში დაგროვდა.

... საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, „ბერლინის კლინიკაში“ მყოფ პაციენტად მოიხსენია რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, ხოლო მისი მოწამვლის საქმეში რუსეთის ეფესბეს თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება შეაფასა როგორც „აშშ-ის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია“.

„რაც შეეხება პაციენტს ბერლინის კლინიკაში... მე ვიცი, პესკოვმა მხოლოდ გუშინ მიამბო ბოლო მონაგონი ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომელთა მონაცემებზე და ასე შემდეგ. მომისმინეთ, ჩვენ შესანიშნავად გვესმის, თუ რასთან გვაქვს საქმე. როგორც პირველ, ისე ამ შემთხვევაში არავითარი გამოძიება ეს არ არის, ეს არის აშშ-ის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია“, - განაცხადა პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ ტრადიციულ, მისი პრეზიდენტობის პერიოდში რიგით მე-16, პრესკონფერენციაზე.

ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

14 დეკემბერს კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, ახლახან რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა.

„ტელეკომუნიკაციებისა და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლით, გამოძიება, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი, და ასევე ჩართული იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი, აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოში ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი სულ მცირე 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.

პუტინი ამ ბრალდებებს „შემოგდებულს“ უწოდებს და ეჭვის ქვეშ აყენებს ალექსეი ნავალნის მოწამვლას რუსეთში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის შხამით, რაზეც გამოძიების მასალები გერმანიამ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) გადაუგზავნა.

ნავალნი: პუტინმა ყველაფერი აღიარა

ვის რაში სჭირდება (იცინის) ... რომ სდომებოდათ, ალბათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვერ იღებს ვერც ოფიციალურ დასკვნას და ვერც შესაბამის ბიოლოგიურ მასალებს.

„გერმანიის ხელისუფლებამ მთელი მასალები გადასცა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW). ჩვენ ისინიც არაფერს გვაძლევენ და იშველიებენ გერმანიას, რომელმაც მას (OPCW) აუკრძალა ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემა. გერმანია კი გვეუბნება, ყველა ინფორმაცია იქიდან (OPCW) აიღეთო. თქვენ შეგიძლიათ აგვიხსნათ, თუ რატომ არ გვაძლევენ, თუნდაც, ოფიციალურ დასკვნას ამ „’ნოვიჩოკის’ გამოყენების შესახებ“? - შეკითხვაზე შეკითხვით უპასუხა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს პრესკონფერენციაზე ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ დასმული შეკითხვის ავტორს, რომელიც დაინტერესდა, თუ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება რუსეთში ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე.

როგორც გაირკვა, ვლადიმირ პუტინს სცოდნია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ „ბერლინის კლინიკაში მყოფ პაციენტს“ (ზოგჯერ პრესკონფერენციაზე პუტინი მას, უბრალოდ, ბლოგერს უწოდებდა, მაგრამ ალექსეი ნავალნი ერთხელაც არ უხსენებია თავისი სახელით), რადგან იგი თურმე „აშშ-ის სპეცსამსახურების“ მხარდაჭერით სარგებლობს.

ამ ფრაზას შემდეგ პუტინმა მოაყოლა ვითომ ხუმრობით ნათქვამი სიტყვები, რაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს კრემლის ლიდერს ალექსეი ნავალნისადმი.

„ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ის უნდა მოწამლონ. ვის რაში სჭირდება (იცინის) ... რომ სდომებოდათ, ალბათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ“, - დასძინა ვლადიმირ პუტინმა.

პრესკონფერენციას მალევე გამოეხმაურა გერმანიაში მყოფი ალექსეი ნავალნი, რომელმაც აღნიშნა, რომ პუტინმა, ფაქტობრივად, ყველაფერი აღიარა.

„გასაგები გახდა, რომ შეუძლებელია ჩვენი რკინა-ბეტონისებრი მტკიცებულებების უარყოფა. ანუ, დიახ, ეფესბე ოთხი წლის განმავლობაში ფეხდაფეხ დამყვებოდა, მაგრამ არ მოუწამლივარ. რადგან, „თუ უნდოდათ მოწამვლა, მაშინ გამოუვიდოდათ“, - ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ნავალნი ტვიტერში ვლადიმირ პუტინის ირონიულ ფრაზას.

რას მოელის პუტინი ბაიდენის ადმინისტრაციისგან

რუსი ჰაკერები არ დახმარებიან არჩევნებში აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს და არ ჩარეულან ამ დიდი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ეს ყველაფერი გამონაგონია...
ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინის ტრადიციული პრესკონფერენციის წინა დღეებში დასავლურ მედიაში გავრცელდა ეჭვი, რომ სწორედ რუსეთი იდგა აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ მოწყობილი კიბერთავდასხმის უკან.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველად 13 დეკემბერს გავრცელდა. თეთრმა სახლმა მანამდე გამოაცხადა, რომ კიბერთავდასხმის გარშემო სამუშაოდ შეიქმნა მაკოორდინირებელი გუნდი, რომელიც მოიცავს გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI), შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის ოფისს.

სიტუაციის სერიოზულობიდან გამომდინარე, 16 დეკემბერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა რობერტ ო'ბრაიენმა შეწყვიტა ევროპაში თავისი ვიზიტი და დაბრუნდა ვაშინგტონში.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა უარყო აშშ-ის შიდა საქმეებში რუსი ჰაკერების ჩარევის შესახებ გავრცელებული ბრალდებები და აღნიშნა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები სწორედ ასეთი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების „მძევლად იქცა“.

„რუსი ჰაკერები არ დახმარებიან არჩევნებში აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს და არ ჩარეულან ამ დიდი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ეს ყველაფერი გამონაგონია, საბაბია, რათა გაფუჭდეს ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის; ეს არის საბაბი იმისა, რომ არ ცნონ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, ამერიკის გარკვეული შიდაპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა სწორედ აშშ-ის შიდა პოლიტიკის მძევლად იქცა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა „გამოცდილი ადამიანი“ უწოდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გადაიჭრება ორი ქვეყნის ურთიერთობაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ნაწილი.

„ჩვენ კი გამოვდივართ იქიდან, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მიხვდება, თუ რაც ხდება. ის არის გამოცდილი ადამიანი როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკაში. და ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თუ ყველა არა, იმ პრობლემების ნაწილი მაინც გადაიჭრება, რომლებიც წარმოიქმნა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

15 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს მოხდა ერთი თვის მერე, რაც ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდა ხმების დათვლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე და მილოცვები მიიღო მსოფლიოს ლიდერების უმრავლესობისგან.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პუტინმა ტრამპს კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში მიულოცა გამარჯვება.

სხვათა შორის, პრესკონფერენციაზე პუტინს შეკითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპის პოლიტიკური მომავლის შესახებაც. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნების დროს დონალდ ტრამპს ხმა მისცა მოსახლეობის თითქმის 50 %-მა. მას საკმაოდ დიდი მხარდაჭერის ბაზა აქვს აშშ-ის შიგნით. „და მე რამდენადაც ვიცი, იგი თავისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან არსად წასვლას არ აპირებს“, - დასძინა ვლადიმირ პუტინმა.

რაც არ ეკრძალებათ ელიტებს

თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ გახმაურებულ გამოძიებაზე, რომელშიც საუბარი იყო პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას, ყოფილი ქმრის, კირილ შამალოვის მიერ თავის დროზე, სავარაუდოდ, კრემლის დახმარებით მოხვეჭილ დიდძალ აქტივებზე.

კერძოდ, პუტინის ყოფილი სიძის, კირილ შამალოვის, კუთვნილ ოფშორულ კომპანიას 2013 წელს სულ რაღაც 100 დოლარად, ანუ საბაზრო ღირებულებაზე 3,8 მილიონჯერ შემცირებული ფასით, შეუძენია რუსეთის უმსხვილესი ნავთობქიმიური ქარხანა „სიბურის“ აქციათა 3,8%.

„ბლუმბერგის“ თანახმად, პუტინის ქალიშვილი და კირილ შამალოვი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდნენ.

„ელიტებს არ ეკრძალებათ საზღვარგარეთ აქტივების ქონა. ეს ეკრძალებათ სახელმწიფო მოხელეებს, ხოლო შამალოვის კომპანია კერძო კომპანიაა. არსებობდა მენეჯმენტის წახალისების პროგრამა. ისეთი არაფერია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა და დასძინა, ზემოხსენებულ გამოძიებაში „ანონიმის ყურები“ მოჩანსო.

„ნამდვილი ავტორები, ვისი დავალებითაც ეს გაკეთდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტია. პუბლიკაცია მიზნად ისახავს შურისძიებას და ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას. ჩემთვის ეს ყველაფერი ცხადია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რისთვის ემზადება პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის საქმეებში გარედან ჩარევა „გლობალური პოლიტიკის“ ნაწილად იქცა და ამ ჩარევას კრემლი 2021 წლისათვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროსაც ელოდება.

„ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამისთვის ვემზადებით, მაგრამ ჩვენ შევძლებთ, ამას ეფექტიანად წინ აღვუდგეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ეცოდინება, რომ ა) ეს არის ჩარევა, ბ) რომ ჩვენ ვალდებული ვართ, ამას წინ აღვუდგეთ და გ) რომ ეს დაუშვებელია და საკუთარი მომავალი თავადვე უნდა განვსაზღვროთ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ოთხსაათიანი პრესკონფერენციის დასრულებიდან ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნახევარი წლით გააგრძელა რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა.

ევროკავშირის სანქციები რუსეთის მიმართ 2014 წლიდან მოქმედებს კრემლის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის გამო.

სანქციები ვრცელდება იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომელთა აქტივები გაყინვას ექვემდებარება. სანქცირებულ პირთა სია პერიოდულად ზუსტდება და ფართოვდება.

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირის სანქციები ძალაში იქნება 2021 წლის 31 ივლისამდე.

17 დეკემბრის პრესკონფერენციაზე პუტინმა გაიმეორა, რომ რუსეთს არ მოუხდენია ყირიმის ანექსია, არამედ ყირიმელი ხალხი რეფერენდუმზე თავისუფალი ნების გამოხატვის შემდეგ შეუერთდა რუსეთს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG