Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი და მისი მარშლები. ნაწილი პირველი


ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ახსოვს საბჭოთა ეპოქის სამხედრო აღლუმების დროს მავზოლეუმის „აივანზე“ გამოფენილი მარშლები. მკერდ-მუცელზე დახუნძლული მედლებითა და თავზე ჩამოფხატული დიდი ქუდებით, ისინი ალბათ საკარნავალო პერსონაჟებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე ზესახელმწიფოს სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს.

მარშლის ინსტიტუტს წითელ არმიაში სტალინმა ჩაუყარა საფუძველი. 1935 და 1953 წლებს შორის იოსებ ჯუღაშვილი 38 ადამიანს აღავლენს (მათ შორის იოსებ სტალინსაც) ამ წოდებამდე. ამ 38 მარშალში ის გამოყოფს 20 რჩეულთა რჩეულს - საბჭოთა კავშირის მარშლებს. დანარჩენი თვრამეტი იქნებიან ე.წ. „ფილიალის“ მარშლები: სამი არტილერიის, ცხრა ავიაციის, ოთხი სატანკო და თითო-თითო საინჟინრო და კავშირგაბმულობის ჯარების.

ვინაიდან საკუთარ მარშლებთან ჯუღაშვილის დამოკიდებულება ბევრის მთქმელია სტალინის ტოტალიტარულ რეჟიმზე, შეიძლება მკითხველისათვის საინტერესო იყოს ამ ისტორიის გახსენება.

რატომ გადაწყვეტს 1935 წელს სტალინი მარშლის ინსტიტუტის დაარსებას? 1935 წელი წითელი არმიის კარდინალური ტრანსფორმაციის წელი იყო. ეს იყო ასევე წელი შიდა ფრონტზე გლეხების წინააღმდეგ ომში გამარჯვებისა: სტალინი ისე გაწყვეტს მილიონობით გლეხს, რომ გლეხთა (და მუშათა) წითელი არმია პროტესტის ნიშნად „ჩაბურტყუნებასაც“ კი ვერ გაბედავს. 1935 იყო ასევე საერთაშორისო დაძაბულობის ზრდის წელი - ჰიტლერის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა გერმანიაში და იაპონიის მზარდი აგრესია კრემლისა და მისი მოკავშირეების მიმართ.

და, აი, ამ ფონზე, ბოლშევიკების 18-წლიანი ანტიმილიტარისტული რიტორიკის თავზე, სტალინი სამხედროების პრესტიჟის ამაღლების მიზნით გადაწყვეტს ოფიცრის წოდებები დაუბრუნოს სამხედროებს (1917 წლიდან მოყოლებული სიტყვა ოფიცერი ტაბუირებული იყო და წითელ არმიაში მხოლოდ ე.წ. მეთაურები იყვნენ). 1935 წლის შემოდგომაზე საბჭოთა ხალხი შეიტყობს, რომ ასობით ახალგამოჩეკილი კაპიტნისა და პოლკოვნიკის გვერდით ხუთ სამხედროს - ვოროშილოვს, ბუდიონის, ეგოროვს, ბლიუხერსა და ტუხაჩევსკის - მარშლის წოდება ენიჭებოდა.

როტომ ეს „არაჩვეულებრივი“ ხუთეული?

სამხედრო მინისტრ ვოროშილოვის გამარშლება არავისთვის გასაკვირი არ იქნება: მიუხედავად იმისა, რომ წითელი არმიის ხელმძღვანელი მთელი ცხოვრება ხაზს უსვამდა, რომ სამხედრო საქმეში დილეტანტი იყო, მისი გამარშლება პოლიტიკური ლოგიკით იყო განპირობებული. სხვათა შორის, რუსეთის ისტორიის კარგი მცოდნე სტალინი ამ შემთხვევაში მიბაძავს პეტრე პირველს, რომელიც პირველ მარშალს - თავად გოლოვინს - ასევე პოლიტიკური ნიშნით აირჩევს (უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ჰიტლერის პირველი მარშალიც - ფონ ბლომბერგი - მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო ფიურერის მიერ არჩეული). რაც შეეხება დანარჩენ ოთხეულს: ბუდიონი და ბლიუხერი - როგორც სიმბოლო სამოქალაქო ომში გამარჯვებისა; ეგოროვი - როგორც გენშტაბის უფროსი; ტუხაჩევსკი კი - როგორც წითელი არმიის მთავარი მოდერნიზატორი.

თუმცა ის, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელებს სტალინი თავისი სამხედროების გამარშლებისას, ამას ჯუღაშვილი სხვაგვარად განმარტავს. 1937 წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც ტუხაჩევსკის დახვრეტს, წითელი არმიის ელიტასთან შეხვედრისას ბელადი ასე ახსნის თავის გადაწყვეტილებას: „ავიღოთ, მაგალითად, მარშლის წოდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში ხუთი მარშალი გვყავს. [სინამდვილეში უკვე ოთხი იყო დარჩენილი. - ლ. ო.]. ამ ტიტულის ღირსი ყველაზე ნაკლებად ეგოროვი იყო. ტუხაჩევსკიზე მე აღარც ვსაუბრობ - ის არ იმსახურებდა ამ ტიტულს და, როგორც იცით, მიუხედავად მისი მარშლობისა, ჩვენ ის დავხვრიტეთ. რაც შეეხებათ ვოროშილოვს, ბუდიონისა და ბლიუხერს - ეს სამივე იმსახურებდა ამ ტიტულს. რატომ იმსახურებდნენ? რადგან ისინი (...) ხალხის წიაღიდან არიან გამოსული და სამოქალაქო ომის მიერ იყვნენ ავანსცენაზე გამოგდებული. აიღეთ, მაგალითად, ვოროშილოვი - ის არასდროს ყოფილა სამხედრო. მაგრამ ის ხალხის წიაღიდანაა გამოსული, მან გაიარა სამოქალაქო ომის ყველა ეტაპი და მეტ-ნაკლებად კარგად იბრძოლა და შესაბამისად დაიმსახურა მარშლის წოდება. ბუდიონი ასევე ხალხის წიაღიდანაა გამოსული, ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამიტომაც მივანიჭეთ მას მარშლის წოდება. ბლიუხერმა გაიარა სამოქალაქო ომის ყველა ეტაპი, დაწყებული პარტიზანული ომითა და დამთავრებული რეგულარული არმიით, ხალხის წიაღიდანაა გამოსული და ამიტომაც მას მივეცით მარშლის წოდება“. მკითხველი შეამჩნევდა, რომ ბელადს, მარშლის ინსტიტუტზე ასე აგდებით საუბრის დროს, სამხედრო პროფესიონალიზმის, როგორც კრიტერიუმის ხსენება, დაავიწყდება...

საინტერესოა ალბათ სტალინის ამ სიტყვის ფინალიც, სადაც ის დაუფარავად დაემუქრება ახლადგამოჩეკილ მარშლებს: „ასე რომ, ამხანაგებო, გაფრთხილებთ, თავში ძალიან არ აგივარდეთ, რადგან თქვენ თუ პარტიის და მთავრობის წინააღმდეგ წახვალთ, ხალხი თქვენ ისე გაგსრესთ, რომ არც დაფიქრდება, ხართ თუ არა ხართ მარშლები. (...) ჩემი რჩევა იქნება: მოუფრთხილდით იმ ავტორიტეტს, რომლითაც ხალხის მასებში სარგებლობთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი თქვენ გაგანადგურებთ და თქვენ მაგივრად ახალ მარშლებს დააყენებს“.

ამ სიტყვაში გამოთქმულ მუქარას სტალინი სულ რამდენიმე თვეში მოიყვანს სისრულეში, როცა სიცოცხლეს გამოასალმებს ჯერ ბლიუხერს (1938 წლის 9 ნოემბერი) და შემდეგ ეგოროვს (1939 წლის 23 თებერვალს). სხვათა შორის, სტალინს ძალიან უყვარდა საკუთარი სამხედროების წითელი არმიის დღეს (23 თებერვალი) დახვრეტა და თუ ბლიუხერი ამ დღემდე ვერ მიაღწევს, ეს ბერიას ხელქვეითების ზედმეტი აქტიურობის ბრალი იქნება. 1940 წელს სტალინი მარშლებისათვის მიცემული „პირობა-მუქარის“ მეორე ეტაპსაც შეასრულებს, როცა სამ დახვრეტილ მარშალს ჩაანაცვლებს სამი ახლით - ტიმოშენკოთი, შაპოშნიკოვითა და კულიკით. ამასობაში სტალინი ცოცხლად დარჩენილი მარშლებიდან ერთს ცოლს დაუჭერს, ხოლო მეორეს კი ისე დაუხვრეტს, რომ ვერც ერთი ვერ გაბედავს პროტესტის ნიშნად „ჩაბურტყუნებასაც“ კი.

მარშლის ინსტიტუტის მიმართ სტალინის დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვლება ე.წ. დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ. ის, თუ როგორ შეიცვლება - ამის შესახებ უკვე შემდეგ ბლოგპოსტში მოგითხრობთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG