Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო


ანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე წარსადგენად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის შინაარსიც საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გააცნო. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატებს ან მათ ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას, ასევე, ვერ მიიღებს თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო წესით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. ანალოგიური პრინციპია ჩადებულია იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ბლოკში იყვნენ გაერთიანებულნი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტთა პაკეტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ პოლიტიკურ პარტიას საქართველოს მოქალაქეები ანიჭებენ კონკრეტულ მანდატს და დაფინანსების საკითხი წყდება მიღებული ხმების მიხედვით. პარტიების დაფინანსება განისაზღვრება საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად. პირველ 50 000 მიღებულ ხმაზე განსაზღვრულია 15-15 ლარი, ხოლო თითოეული შემდგომ მიღებული ნამდვილი ხმებისთვის 5-5 ლარი. როგორც ოხანაშვილმა თქვა, ამის მიზანია შედარებით პატარა პარტიების წაახალისება. როგორც ის განმარტავს, პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ მიზნობრივად.

ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც პარტია დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს და მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს თვისებრივად უპირისპირდება, ამით აწარმოებს პარლამენტის საბოტაჟს. მისი შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების შენარჩუნება ასრულებს კონტპროდუქტიულ როლს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატები იმსჯელებენ ცესკო საით მიმართავს აუთვისებელი თანხას.

ამ დროისთვის მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართეს „ლეიბორისტული პარტიის", „ევროპული საქართველოს", „სტრატეგია აღმაშენებლის", „ლელოს“ და ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს, „პატრიოტთა ალიანსი“-ს სიებით არჩეულმა დეპუტატებმა.

XS
SM
MD
LG