Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში პარლამენტი დაითხოვეს


ბენი განცი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობენ 2020 წლის გაზაფხულიდან
ბენი განცი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის კოალიციურ მთავრობას ხელმძღვანელობენ 2020 წლის გაზაფხულიდან

ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნის პარლამენტი დაიშალა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ ბენი განცის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური მთავრობა ვერ შეთანხმდა 2021 წლის ბიუჯეტზე. შეთანხმების მიღწევის ვადა 22 დეკემბერს, შუაღამით ამოიწურა.

ისრაელის მთავრობამ ბიუჯეტის ალტერნატივის სახით დაამტკიცა საფინანსო გეგმა.

პარლამენტი ბიუჯეტზე შეთანხმების ვადის გაგრძელებას ცდილობდა, თუმცა, შესაბამისმა კანონპროექტმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

2020 წლის მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, კოალიციური მთავრობა შექმნეს ნეთანიაჰუს მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტია „ლიკუდმა“ და განცის მემარცხენე-ცენტრისტულმა ბლოკმა „კახოლ ლავანი". კოალიციური შეთანხმების თანახმად, პირველი 18 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ნეთანიაჰუ დაიკავებდა, შემდეგ კი - განცი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის დამტკიცებისთვის წინააღმდეგობის გაწევით, მან ხელი შეუშალა ბენი განცის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას.

ისრაელის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები 23 მარტს ჩატარდება. ეს იქნება ბოლო ორი წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG