Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამყვან სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა სტატია ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ


მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეძღვნება რუსეთის ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის კლინიკურ სურათს. სტატიის ავტორთა შორის არიან სპეციალისტები ბერლინის კლინიკა Charite-დან, სადაც მოათავსეს ნავალნი მოწამვლიდან ორი დღის შემდეგ. სტატიის სათაურია „მოწამვლა ნერვულ-პარალიზური ნივთიერება ‘ნოვიჩოკით’“.

სტატიაში ნავალნის ვინაობა არ არის დასახელებული, მაგრამ აშკარაა, რომ მასზეა ლაპარაკი. აღწერილია სიმპტომები, რომლებიც მას ჰქონდა ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში, ასევე მოკლედ არის აღწერილი თერაპია ომსკში, სადაც იმყოფებოდა ავადმყოფი მოწამვლის შემდეგ პირველი ორი დღის განმავლობაში.

ბერლინში, კლინიკა Charite-ში, ანალიზების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ნავალნი იყო ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ზემოქმედების ქვეშ, რის შემდეგაც დაიწყო მისი მკურნალობა ატროპინისა და ობიდოქსიმის გამოყენებით.

მეხუთე დღეს ნავალნის სიცხემ აუწია, რაც ათი დღის განმავლობაში შენარჩუნდა. დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო მოწამვლიდან 12 დღის შემდეგ, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან კი 24-ე დღეს გამოთიშეს. მოწამვლიდან ორი თვის შემდეგ დადგინდა პრაქტიკულად სრული აღდგენა ნევროლოგიისა და ნევროფსიქოლოგიის თვალსაზრისით.

გერმანელი ექიმები აღნიშნავენ, რომ ავადმყოფობის შედეგი „ძალიან დადებითი“ იყო. მათი აზრით, თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია უშუალოდ მოწამვლის პირველ საათებში გატარებულმა ზომებმა - ინტუბაციამ და ფილტვების ხელოვნურმა ვენტილაციამ.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ Charite-ში მიყვანისას პაციენტის ორგანიზმში აღმოაჩინეს ატროპინის კვალი, რაც მიანიშნებს, რომ ეს შხამის საწინააღმდეგო საშუალება მას ჯერ კიდევ რუსეთში გაუკეთეს. მაგრამ არ არის ცნობილი, როდის და რა მოცულობით.

ნავალნისთან სატელეფონო საუბარში ფსბ-ს სავარაუდო თანამშრომელმა კონსტანტინ კუდრიავცევმა თქვა, რომ ნავალნი შესაძლოა გადაარჩინა ომსკში სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ მისთვის გაკეთებულმა ატროპინმა.

The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ნავალნის გამოჯანმრთელებაში დაეხმარა ის, რომ მოწამვლამდე მისი ჯანმრთელობა კარგ მდგომარეობაში იყო. ეს განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის მოხელეთა სიტყვებს, რომ მას თითქოს პანკრეატიტი და სხვა დაავადებები ჰქონდა.

სტატიაში არ არის პირდაპირი კრიტიკა ომსკელი ექიმებისა, რომლებიც მკურნალობდნენ ნავალნის. მაგრამ მასში შეიძლება ამოვიკითხოთ გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაუდგინდა მას ომსკში ქოლინესტერაზის ინჰიბირების დიაგნოზი. რუსეთში ნავალნისთვის დღემდე არ დაუდგენიათ მოწამვლის დიაგნოზი.

ნავალნი თავის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს, კონკრეტულ შემსრულებლებად კი ფსბ-ს თანამშრომლებს ასახელებს. ახლახან გამოქვეყნდა გამოძიების შედეგები, რომელშიც ნახსენები არიან დანაშაულთან დაკავშირებული სავარაუდო პირები. რუსეთი უარყოფს მოწამვლის ფაქტს.

XS
SM
MD
LG