Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში აღშფოთებულები არიან „საქართველოს სამხედრო პოტენციალის“ ზრდით და განმარტებებს აშშ-სგან ელიან


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები აღშფოთებულები არიან „საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდით“. ამასთანავე, სოხუმი აპირებს, განმარტებები აშშ-ის წარმომადგენლებს მოსთხოვოს, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც საქართველოს მიერ საბრძოლო დრონების შეძენის გეგმაზეა ძირითადი აქცენტი გადატანილი.

„სამხედრო პოტენციალის აქტიური ზრდის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქმედებები დააფუძნოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გადაუდებელ აუცილებლობაზე. თუმცა ძალზე რთულია გაამართლო სადაზვერვო და სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის გეგმები თავდაცვითი ინტერესებით.

მთიან ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აქტიურად გამოიყენებდნენ უპილოტო საბრძოლო საფრენ აპარატებს და რომლის დამსახურებითაც აზერბაიჯანის მხარემ შეტევითი ოპერაცია განავითარა, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს საქართველოს გეგმები, შეიძინოს თანამედროვე შეიარაღება. სავსებით ნათელია, რომ შეიარაღების ეს თანამედროვე საშუალებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დაურეგულირებელი კონფლიქტების ძალისმიერი გადაწყვეტისათვის“, - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოხუმში მიიჩნევენ, რომ თბილისის ქმედებები აჩვენებს „საქართველოს დაუფარავ მტრულ დამოკიდებულებას თავის უახლოეს მეზობლებთან და სრულად უკარგავს ფასს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების დეკლარირებულ ნაბიჯებს“.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მილიტარიზაციის კურსი აქტიურადაა მხარდაჭერილი ოფიციალური ვაშინგტონის მიერ:

„ვითვალისწინებთ რა შექმნილ ვითარებას, აფხაზეთის მხარე აპირებს მოითხოვოს შეერთებული შტატების წარმომადგენლებისგან დეტალური განმარტება საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხედრო პოტენციალის გაზრდის განზრახვების შესახებ. მოვითხოვთ ასევე საფუძვლიან არგუმენტაციას ასეთი მაღალი სიზუსტისა და ძალზე ეფექტიანი შეტევითი შეიარაღების ჩვენს რეგიონში შემდგომი გამოყენების გეგმებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გამოხმაურებაა 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც საბრძოლო „დრონების" შეძენის განზრახვას შეეხება.

„2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, - თქვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენისას. ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ისრაელთან საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განახლებისა და მოდერნიზების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG