Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რატომ ძვირდება ცხოვრება


საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს პროდუქტების ნაწილზე ფასები წინა წელთან შედარებით 20%-ზე მეტით გაიზარდა. 

სამედიცინო სერვისებში წინა წელთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტს ვიხდით, საოჯახო ნივთები და ავეჯი 10%-ით არის გაძვირებული, სურსათის ნაწილი კი, მაგალითად, ზეთი და ცხიმი, 23,2%-ით უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე შარშან ამ დროს. ერთადერთი, რაც წელს გაუფასურდა, თავად ლარია - 2020-ში ინფლაციამ თითქმის 4%-ს მიაღწია.

ინფლაციის დონე სამომხმარებლო კალათის 12 ჯგუფის პროდუქტების ფასების ცვლილების მიხედვით გამოითვლება - სამომხმარებლო კალათა აჩვენებს იმასაც, რაზე ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს. სამომხმარებლო კალათა უფრო ზოგადი სურათის მაჩვენებელია და არა რეალობის სარკე. იშვიათად იცვლება მისი შემადგენლობაც - მაგალითად, 2020 წლის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნივთები, პირბადე, თერმომეტრი, სადეზინფექციო ხსნარები და ყურსასმენები კალათაში ჯერაც არ გვხვდება, შესაბამისად, დამატებითი დანახარჯი, რომლებსაც ადამიანები მთელი წლის მანძილზე სწევდნენ, საერთო სურათში ასახული არ არის.

საქართველოში შემოსავლის ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 30%, სურსათზე იხარჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ნაკლები ფული რჩება, მაგალითად, ჯანმრთელობისთვის, მოგზაურობისთვის, განათლებისა და გართობისთვის - სურსათის წილზე დახარჯული თანხის მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობის სიღარიბეზე მიუთითებს.

2012 წლიდან ამ დრომდე მოქალაქეების ხარჯების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ადამიანების შემოსავალი ძირითადად მხოლოდ სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ხმარდება.

2020 წლის მონაცემებით საერთო შემოსავლის 1%-ზე ნაკლები იხარჯება გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე, ბავშვის სათამაშოებსა და ცხოველების საკვებზე, სასტუმროებსა და საბავშვო ბაღების გადასახადებზე.

2020 წელს, პანდემიის, ლარის გაუფასურების, გაჩერებული ეკონომიკის, დაკარგული სამუშაო ადგილების და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის დასუსტების პარალელურად, საქართველოში შემოსავლების შემცირება და ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. თუმცა ისინი, ვინც სტატისტიკას ითვლიან და ისინიც, ვინც სამომხმარებლო პროდუქტებით ამარაგებენ ბაზარს, ამბობენ, რომ ფასების ცვლილება ყოველთვის ხდებოდა და მთავარი კრიზისის ნიშნები ჯერ კიდევ წინაა.

იმპორტიორები ცდილობენ ფასები ისე შეინარჩუნონ, რომ ისედაც შემცირებული მყიდველი არ დაკარგონ და რიგ შემთხვევებში არა იმდენად მოგებაზე, არამედ თავის გადარჩებაზე მუშაობენ და რიგ შემთხვევებში პროდუქციას თვითღირებულების ფასადაც კი ყიდიან. ასეთ ზეწოლას კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდხანს ვერ გაუძლებს და მათი ნაწილი ბაზარს დატოვებს, ნაწილი კი იაფფასიანი პროდუქტების შემოტანაზე გადავა, რის შედეგადაც ნაკლებ კონკურენციას და შედარებით დაბალხარისხიანი პროდუქციით გაჯერებულ ბაზარს მივიღებთ.

საქსტატის მონაცემებით, ინფლაცია, 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, იმპორტირებული პროდუქციის მიხედვით ნაკლები იყო, ვიდრე ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე. ისინი, ვინც ქვეყანას არაქართული პროდუქტით ამარაგებენ, ამბობენ, რომ ფასების ხელოვნურად შეკავებას დიდხანს ვერ შეძლებენ და მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა თუნდაც დღგ-ს გადახდის პრინციპის შეცვლა, რაც ნაღდი ფულის ბრუნვის მეტ შესაძლებლობას მისცემდა ბიზნესს. იმპორტიური კომპანიებისთვის პანდემიაზე არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევას გაუფასურებული ლარი წარმოადგენს.

ადგილობრივი წარმოება გაზრდილ ფასებს ნედლეულის გაძვირებით, უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის გაწეული დანახარჯებით და ლოგისტიკის გართულებით ხსნის იმის მიუხედავად, რომ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნულ ვალუტაში აქვს.

მცდელობების მიუხედავად, გასულ წელთან შედარებით, 2020 წლის ნოემბერში საყიდლებზე წასული ადამიანი 22%-ით უფრო მეტს იხდიდა ზეთსა და ცხიმში, 12%-ით მეტს ყავაში, ჩაისა და კაკაოში, 9,1%-ით გაძვირებული ხვდებოდა თევზის პროდუქტები, 8%-ით მოიმატა რძის, ყველისა და კვერცხის ფასმა. 7%-იანი ზრდაა პურზე, პურპროდუქტებზე, შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, 4,7%-ით არის გაზრდილი წყლისა და არაალკოჰოლური სასმელების ფასები, 3,7%-ით - ხორცისა და ხორცპროდუქტების.

კარაქის ფასის მატება 2018-2019 წლებში (ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტის საპრომოციო მასალა)
კარაქის ფასის მატება 2018-2019 წლებში (ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტის საპრომოციო მასალა)
კარაქის ფასის ცვლილება 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე ერთსა და იმავე სუპერმარკეტების ქსელში
კარაქის ფასის ცვლილება 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე ერთსა და იმავე სუპერმარკეტების ქსელში

2020 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა და ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. მიზანი პირველადი მოხმარების 9 პროდუქტზე (ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი) ფასების შენარჩუნება იყო. პროგრამამ სამი თვის განმავლობაში იმუშავა და გამოყოფილი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი გაიხარჯა - პირველადი მოთხოვნის პროდუქტების გაძვირება გარდაუვალი აღმოჩნდა.

საქართველოს პრემიერის განცხადებები პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, როცა მას პროდუქტების ფასის ზრდაზე დაუსვეს კითხვები
საქართველოს პრემიერის განცხადებები პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, როცა მას პროდუქტების ფასის ზრდაზე დაუსვეს კითხვები

30 ნოემბერს მთავრობამ ახალი, ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა. ამჯერად მიზანი მომხმარებლებისთვის პურის ფასის შენარჩუნებაა. პროგრამა 4-თვიანია და მისი ბიუჯეტიც, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ სუბსიდირების პროგრამა ქარხნული წარმოების პურს შეეხება, სხვა კატეგორიის პურზე და ასევე საკონდიტრო ნაწარმზე, ფასის მატება კვლავ მოსალოდნელია.

სურსათის გარდა გაზრდილია ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარჯები - სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მედიკამენტები 12,4%-ით გაძვირდა წინა წელთან შედარებით, ამბულატორიული მომსახურება 12%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ექიმთან ვიზიტს დანიშნავთ და ის რამდენიმე მედიკამენტს გამოგიწერთ, ჯამში თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა წინა წელთან შედარებით თითქმის 25 %-ით ძვირი დაგიჯდებათ. ანუ, თუ მანამდე ამ ყველაფერში პირობითად 100 ლარს გადაიხდიდით, ახლა 125 ლარი მაინც დაგჭირდებათ.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საოჯახო ნივთებიც. მაგალითად, ავეჯი 6,2%-ითაა გაძვირებული, ჭურჭელი 12,7%-ით, საოჯახო ტექნიკა 10,4%-ით.

პამპერსის ფასის ცვლილება 2019 წლიდან 2020 წლამდე ერთსა და იმავე სუპერმარკეტების ქსელში
პამპერსის ფასის ცვლილება 2019 წლიდან 2020 წლამდე ერთსა და იმავე სუპერმარკეტების ქსელში

სარეცხის ფასის ცვლილება 2019 წლიდან 2020 წლამდე ერთსა და იმავე სუპერმარკეტების ქსელში
სარეცხის ფასის ცვლილება 2019 წლიდან 2020 წლამდე ერთსა და იმავე სუპერმარკეტების ქსელში

სამომხმარებლო კალათაში შემავალი ცალკეული კომპონენტების გაძვირება რიგ შემთხვევებში გლობალურ ტენდენციებს, რიგ შემთხვევებში სეზონურ ცვლილებებს ან რაიმე ისეთ ფაქტორს უკავშირდება, რასაც საქსტატი არ ადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც და ეროვნული ბანკიც ანგარიშებში წლიდან წლამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ აფიქსირებენ, რაც უნდობლობასაც კი იწვევს მათი მონაცემების რეალურობასთან დაკავშირებით. მაგალითად, გართობის, გარეთ კვებისა და ტურიზმის დანახარჯები სამომხმარებლო კალათაში და მათი პროცენტული წილი საერთო შემოსავალთან, 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინა წლების მაჩვენებლისგან, რაც ჩაკეტილი საზღვრების, დაკეტილი გასართობი დაწესებულებებისა და რესტორნების ფონზე კითხვებს აჩენს.

მიუხედავად კითხვებისა, ოფიციალურ სტატისტიკაში მაინც არის შემონახული გასული წლების განმავლობაში ყველაზე თვალშისაცემი ფასების ზრდის შემთხვევები.

მაგალითად, 2020 წლის 43,2%-ით გაიზარდა ქორწინების ოქროს ბეჭდის ფასი, რაც ოქროს ფასის ზრდის ტენდენციითაა ახსნილი. 2019 წლის ნოემბერში 31%-ით გაძვირდა სიგარეტი წინა წელთან შედარებით აქციზის გადასახადის მატების გამო. 2019 წლის მარტში პური გაძვირდა 15,2%-ით წინა წელთან შედარებით.

2020 წლის განმავლობაში შეუქცევადად ძვირდებოდა სურსათი. 2020 წლის მაისში წინა წელთან შედარებით სურსათის ფასის 15,1%-ით ზრდის დროს, ყველაზე თვალშისაცემი იმერული ყველის, ვაშლის და ძროხის ხორცის გაზრდილი ფასი იყო. ჯერ კიდევ მარტში სურსათის ფასის ზრდის მაჩვენებელი 13,9%-ს შეადგენდა, იანვარში 11,8%-ს, წინა წლებში კი ერთნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნებას ახერხებდა.

სამომხმარებლო კალათა, ისევე როგორც საარსებო მინიმუმის პაკეტი, თავისი შინაარსით სრულ სურათს ვერ ასახავს და მხოლოდ რეალობასთან მიახლოებული ვითარება შეიძლება აჩვენოს. სამომხმარებლო კალათა საარსებო მინიმუმის პაკეტისგან განსხვავებით კონკრეტული ღირებულების მატარებელი არ არის - მასში შემავალი პროდუქცია განსხვავებული სიხშირით და ინტენსივობით გამოიყენება და მოხმარების სპეციფიკა მყიდველის შემოსავალზეა დამოკიდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG