Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვენ გაიხსნას „ლილო მოლი“, „საბა“ თუ ელიავას ბაზრობა


„ამ სავაჭრო ობიექტების გახსნა საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კანონის უხეში დარღვევა და სოციალური კრიზისი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში „ახალგაზრდა ადვოკატები“.

მათი განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულია სავაჭრო ცენტრების/მოლების გახსნის პარალელურად, ბაზრობების გახსნაზე უარი მათი ობიექტური მდგომარეობის შეუფასებლად.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, მთავრობას აქვს გონივრული დრო, გადახედოს საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და არსებული რთული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკონომიკური აქტიურობის შესაძლებლობა მისცეს ბაზრობების ტიპის მსხვილ სავაჭრო ცენტრებს.

„გაიხსნა მოლები, სავაჭრო ცენტრები, მაგრამ სრულიად გაუგებარია და სარწმუნო არგუმენტებს არ ეფუძნება, თუ რატომ არ უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა „ლილო მოლოს“, „საბას“ თუ ელიავას ბაზრობას, რომლის ადმინისტრაციები აღნიშნავენ, რომ მზად არიან დაიცვან დაწესებული წესები და ნორმების გათვალისწინებით განახორციელონ საქმიანობა. დასახელებული ბაზრობების გახსნა პირდაპირ დაკავშირებულია მცირე მეწარმეების შემოსავალთან", - აცხადებს ბერდია ჯაჯანიძე.

მისი განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არც კანონთან შესაბამისობაში მოდის.

ჯაჯანიძის განმარტებით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 26-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.

გახსნილი სავაჭრო ცენტრები ექცევა კანონით განსაზღვრულ სტატუსში და მათ აქვთ ბაზრობის ფუნქცია.

„შესაბამისად, როდესაც საუბარია გადაწყვეტილებაში დისკრიმინაციულ მიდგომაზე, მხედველობაშია მისაღები გახსნილი და გაუხსნელი ობიექტების სამართლებრივო სტატუსი და მათი საქმიანობა. ამდენად, ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, მხედველობაში იქნეს მიღებული გადაწყვეტილების პრობლემური მხარე და წინასაახალწლოდ, დასახელებულ ბაზრობებს მუშაობის საშუალება მიეცეს“, - აცხადებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG