Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია: სახალხო დამცველი ვერ იტყვის თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია


საპარლამენტო წევრის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. „იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ქ-ნ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე", - აღნიშნავს ლომჯარია და განმარტავს:

• ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!

• ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, „პატიმრებზე მზრუნველი" მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლის ნაცვლად, მოიძიონ სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ!

თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მუშაობა გააკრიტიკა. მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტი, მისი სამუშაო სფეროდან გამომდინარე, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს და წარმომადგენელი განხილვებს უნდა ესწრებოდეს.

„მგონი, ჩვენ სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს", - აღნიშნა წულუკიანმა.

ამნისტიის კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა. როგორც ამავე პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, ამ კანონის მიღებით არ გათავისუფლდებიან ის პირები, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG