Accessibility links

site logo site logo

წარმომადგენელთა პალატამ დაძლია თავდაცვის ბიუჯეტზე პრეზიდენტ ტრამპის ვეტო


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაძლია თავდაცვის 740 მილიარდიან ბიუჯეტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვეტო.

წარმომადგენელთა პალატასა და სენატში როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს, „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ პრეზიდენტმა ტრამპმა ვეტო 23 დეკემბერს დაადო.

დონალდ ტრამპმა მიზეზად ის დაასახელა, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ზომებს, ეწინააღმდეგება მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებულ საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას და უპატივცემულობას გამოხატავს შეიარაღებული ძალების ისტორიის მიმართ.

პრეზიდენტ ტრამპის უკმაყოფილების მიზეზებს შორისაა ის, რომ კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი ზღუდავს ავღანეთიდან, გერმანიიდან და სამხრეთ კორეიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესაძლებლობას, სოციალურ ქსელებს არ აკისრებს პასუხისმგებლობას მომხმარებელთა პოსტების შინაარსის გამო და ითვალისწინებს სახელის შეცვლას სამოქალაქო ომის პერიოდის კონფედერაციის გენერლების სახელობის სამხედრო ბაზებისთვის.

„ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ თავდაცვის სფეროს დაფინანსების გარდა, მოიცავს სანქციებს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ და სანქციებს თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო კომპლექსების С-400-ის შეძენის გამო.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კენჭი უნდა უყაროს სენატმა. თუ კანონპროექტს ხმათა ორი მესამედით მიიღებენ, „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ოფიციალურად მიეცემა კანონის სახე. კენჭისყრა 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს უფლებამოსილება 20 იანვარს ამოეწურება, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ფიცს დადებს 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული, დემოკრატი ჯო ბაიდენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG