Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუნიციპალური კლუბების წევრები შეიძლება ზეწოლის გამო არ გამოცხადდნენ


საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობამდე ერთი დღით ადრე, 29 დეკემბერს, სარაგბო კლუბების ნაწილის წარმომადგენლები გარე ძალების მიერ არჩევნების ჩაშლის მცდელობაზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის, შტაბის წევრების - ბობა კვინიხიძისა და რამაზ ხარაზიშვილის - განცხადებით, მუნიციპალური კლუბების წარმომადგენლებზე პირდაპირი ზეწოლაა, რათა ისინი არჩევნებზე არ გამოცხადდნენ და ყრილობა გადაიდოს.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ორჯერ ჩაიშალა - პირველად 30 იანვარს იმის გამო, რომ პრეზიდენტობის სამი კანდიდატიდან ორმა - ირაკლი აბუსერიძემ და ლაშა (ბაჩო) ხურციძემ - კავშირის წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად დრო ითხოვა. მეორე მცდელობაც (24 თებერვალს) წარუმატებელი გამოდგა, რადგან ყრილობაზე ხმის უფლების მქონე ოთხმოცი დელეგატიდან მხოლოდ ორმოცდასამი გამოცხადდა, პრეზიდენტის ასარჩევად კი დარბაზში საერთო რაოდენობის ორი მესამედი - ორმოცდათოთხმეტი დელეგატი - უნდა შესულიყო.

30 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა უფრო მარტივად შეიძლება. აღარაა საჭირო ორი მესამედი. ოთხმოცი დელეგატიდან რეგისტრაცია ორმოცდათოთხმეტის ნაცვლად მინიმუმ ორმოცდაერთმა რომ გაიაროს, არჩევნებიც გაიმართება.

აბუსერიძე აცხადებს, რომ, ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევნები არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გადაიდოს. ამავე აზრზეა მისი კონკურენტი გოჩა სვანიძეც. მესამე კანდიდატი კი, ხურციძე, საარჩევნო ყრილობის გამართვის წინააღმდეგია, სანამ სამართლიანად არ განისაზღვრება, რომელ დელეგატებს ექნებათ ხმის მიცემის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG