Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევა აშშ-შიც დაადასტურეს


კოლორადოს შტატში დაფიქსირდა დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევა.

შტატის გუბერნატორ ჯარედ პოლისის ინფორმაციით, ახალი შტამით ინფიცირებულია 20 წლის მამაკაცი, რომელსაც ბოლო დროს უცხოეთში არ უმოგზაურია. ამჟამად მისი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

ბოლო ერთი თვეა კორონავირუსის ახალი სახეობა ფართოდ გავრცელდა დიდ ბრიტანეთში. მკვლევრების შეფასებით, ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე უფრო გადამდებია, თუმცა, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.

ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც, ასევე, კანადაში, ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. ახალი შტამით ინფიცირებულთა ნაწილი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.

კორონავირუსის ახალი სახეობა შესაძლოა, საქართველოშიც აღმოჩნდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, ამჟამად საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს. შედეგი სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. საქართველოში, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს, 12-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარება სხვა სახელმწიფოებიდან ჩამოსული საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთშიც იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG