Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ოფიციალურად მოაწერა ხელი ბლოკსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებას


ევროკავშირის ხელმძღვანელობამ - ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 30 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის სახელით ოფიციალურად მოაწერეს ხელი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ მათ ურთიერთობას განსაზღვრავს.

30 დეკემბერს ბრიუსელში ხელმოწერილ დოკუმენტებს ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩაიტანს ლონდონში, რათა მათზე პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ხელმოწერის შემდეგ, ის პარლამენტმა დაამტკიცოს. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა კანონმდებლებს, მათი „ქვეყნის ისტორიაში გადაშალონ ახალი გვერდი“ და მხარი დაუჭირონ ევროპის კავშირთან შეთანხმებას. ამ თხოვნით ჯონსონმა მიმართა ბრიტანეთის თემთა პალატას, რომელიც, მოელიან, რომ მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რომელიც ცვლილებას შეიტანს კანონმდებლობაში.

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა პირობები საბოლოოდ შეათანხმეს რამდენიმე დღის წინ, თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად.

საქმე ეხება სამ დოკუმენტს, რომელთაგან მთავარი ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაა. ის ნულოვან ტარიფებს და ნულოვან კვოტებს ითვალისწინებს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე მხარეებს მოუწევდათ ყველა სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის პირობების შესაბამისად. ამას ბიზნესების დაკარგვა და უმუშევრობის გაზრდა მოჰყვებოდა.

ბრიტანეთი ოფიციალურად გავიდა ევროკავშირიდან წელს, 31 იანვარს, მაგრამ წლის ბოლომდე, გარდამავალ პერიოდში, მოქმედებდა ყველა ადრე დადებული შეთანხმება.

პირველი იანვრიდან ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ ფაქტობრივად და ძველ შეთანხმებებს ახალი შეცვლის.

ევროპის პარლამენტი მათ განიხილავს მხოლოდ მარტში. ამიტომ გადაწყვიტა ევროპის პარლამენტის საბჭომ ამ დოკუმენტების დროებით ძალაში შესვლა 1 იანვრიდან, ორი თვის ვადით.

ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო 1973 წლიდან. 2016 წლის რეფერენდუმზე ბრიტანელებმა მხარი დაუჭირეს ბლოკიდან თავიანთი ქვეყნის გასვლას. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა მხოლოდ ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რომელზეც გაიმარჯვეს კონსერვატორებმა ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG