Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის ქალაქ ადენში ახალი მთავრობის ჩასვლისას აეროპორტზე თავდასხმა მოხდა


აფეთქება ადენის აეროპორტში იემენის ახლად შექმნილი მთავრობის ჩასვლის შემდეგ, 2020 წლის 30 დეკემბერს.
აფეთქება ადენის აეროპორტში იემენის ახლად შექმნილი მთავრობის ჩასვლის შემდეგ, 2020 წლის 30 დეკემბერს.

სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა ადენის აეროპორტში აფეთქების შედეგად. იემენის სამხრეთში მდებარე ქალაქის აეროპორტზე თავდასხმა მოხდა იემენის ახალი მთავრობის წევრების შეხვედრის დროს, რომლებიც საუდის არაბეთიდან დაბრუნდნენ.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მონაწილეებს სურდათ ახალი კაბინეტის წევრების დახოცვა. მოხელეები უსაფრთხოდ მიიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში. პრემიერ-მინისტრმა, მაინ აბდულმალიქმა, მომხდარს „მხდალი ტერორისტული თავდასხმა უწოდა“, რომელიც ნაწილია იემენის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომისა. მთავრობა თვლის, რომ თავდასხმა ჰუთის მიმდევარმა შიიტმა მეამბოხეებმა განახორციელეს.

26 დეკემბერს საუდის არაბეთში ფიცი დადო იემენის ახალმა მთავრობამ, რომელიც ჩამოყალიბდა ერ რიადში, შარშანდელი ნოემბრის შეთანხმების შედეგად, რომელიც დაიდო სამხრეთელ სეპარატისტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ ოფიციალურ ხელისუფლებას შორის. ამ მთავრობის ერთგული ჯარები, საუდის არაბეთის მხარდაჭერით, ებრძვიან ჰუთის მიმდევარ პროირანულ დაჯგუფებას, რომელსაც უკავია ქვეყნის ნაწილი დედაქალაქ სანას ჩათვლით.

ბრძოლებს დღემდე ასი ათასზე მეტ ადამიანი შეეწირა. ომმა გამოიწვია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, მილიონობით ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG