Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის თითოეული მსხვერპლის ოჯახს 150 ათასი დოლარი გამოუყო


უკრაინული ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთები.
უკრაინული ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთები.

ირანმა განაცხადა, რომ 150 ათასი დოლარი გამოუყო თეირანის მახლობლად ერთი წლის წინ ჩამოგდებულ უკრაინულ თვითმფრინავში მყოფი 176 დაღუპული პირის ოჯახებს.

30 დეკემბრის განცხადებაში ირანის მთავრობა იუწყება, რომ „150 ათასი დოლარი, ან მისი შესაბამისი თანხა ევროში, რაც შეიძლება მალე გადაეცემა დაღუპულთა ოჯახებს“.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების 752-ე რეისი წელს, 8 იანვარს, თეირანში აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. მასში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. უმეტესობა ეთნიკური ირანელები იყვნენ კანადის მოქალაქეობით, ან იქ ცხოვრების მუდმივი უფლებით.

ირანმა ავარიიდან რამდენიმე დღეში აღიარა, რომ მისმა არმიამ თვითმფრინავს შეცდომით ესროლა ორი რაკეტა, რადგან ის მტრულ ობიექტად მიიჩნია.

ინციდენტის ფონი იყო აშშ-თან დაძაბულობა, რომელიც გამწვავდა აშშ-ის მიერ მაღალი რანგის ირანელი გენერლის მოკვლის შემდეგ, როცა ირანმა საპასუხო დარტყმა განახორციელა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე.

ირანის გზებისა და საქალაქო განვითარების მინისტრმა, მოჰამად ესლამიმ განაცხადა 30 დეკემბერს, რომ ირანმა საბოლოო ანგარიში მომხდარის შესახებ გაუგზავნა ქვეყნებს, რომლებიც ჩართული არიან გამოძიებაში. ადრე, დეკემბერში, კანადის დამოუკიდებელ ანგარიშში ირანი დაადანაშაულეს, რომ ის არ წარმართავს გამოძიებას სათანადოდ და რომ ბევრი შეკითხვა კვლავ პასუხგაუცემელია.

XS
SM
MD
LG