ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდგომი პერიოდის ურთიერთობის განმსაზღვრელი სავაჭრო შეთანხმება ამოქმედდება 31 დეკემბერს, შუა ევროპის დროით, შუა ღამით და გრინვიჩის დროით, 23 საათზე მას მერე, რაც მას ხელი მოაწერეს და ბრიტანეთის კანონის ძალა მიენიჭა.
ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ უმრავლესობით დაამტკიცა კანონი, სანამ მას საბოლოოდ დაადასტურებდა ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე.
შეთანხმებით, რომელიც შობის წინა დღეს იქნა მიღწეული თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შემდეგ, ბრიტანეთი გადის ევროპის საერთო ბაზრიდან და საბაჟო კავშირიდან და ამასთან, კარგავს საქონლის ტარიფების განსაზღვრის შესაძლებლობას.
„ამ დიადი ქვეყნის ბედ-იღბალი ახლა ჩვენს ხელშია“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტის თანხმობის საპასუხოდ. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ბრიტანეთისთვის ეს ნაბიჯი არ იქნება მომგებიანი.
ბრიტანეთი ოფიციალურად გავიდა ევროკავშირიდან წელს, 31 იანვარს, მაგრამ წლის ბოლომდე, გარდამავალ პერიოდში, მოქმედებდა ყველა ადრე დადებული შეთანხმება.
ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო 1973 წლიდან. 2016 წლის რეფერენდუმზე ბრიტანელებმა მხარი დაუჭირეს ბლოკიდან თავიანთი ქვეყნის გასვლას. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა მხოლოდ ვადამდელი არჩევნების შემდეგ, რომელზეც გაიმარჯვეს კონსერვატორებმა ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით.
დაწერეთ კომენტარი