Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროს პრეზიდენტმა ვეტო დაადო რელიგიის თავისუფლების შესახებ სადავო კანონს


მილო ჯუკანოვიჩი
მილო ჯუკანოვიჩი

მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა 2 იანვარს ვეტო დაადო რელიგიის თავისუფლების შესახებ სადავო საკანონმდებლო ცვლილებას და დოკუმენტი უკან დაუბრუნა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.

მანამდე მონტენეგროს პარლამენტმა 29 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე, მხარი დაუჭირა ცვლილებებს რელიგიის თავისუფლების შესახებ წინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში, რომელსაც სასტიკად უპირისპირდებოდნენ ეთნიკური სერბები და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

სადავო კანონში ცვლილებას მიემხრო 81-კაციანი პარლამენტის უბრალო უმრავლესობა, პროსერბული პარტიების წარმომადგენელი 41 დეპუტატი, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ მონტენეგროს ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის ყოფილ მმართველ, სოციალისტების დემოკრატიული პარტიას (DPS), რომელსაც სათავეში პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი უდგას.

თუ საკანონმდებლო ორგანო ისევ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, ჯუკანოვიჩი იძულებული იქნება, ხელი მოაწეროს კანონს.

2019 წლის დეკემბერში მონტენეგროს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, რელიგიურმა თემებმა უნდა დაადასტურონ თავიანთ ქონებაზე უფლება 1918 წლამდე, როცა უპირატესად მართლმადიდებლური რეგიონი, მონტენეგრო, შეუერთეს სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს.

სერბები აცხადებენ, რომ ახალი კანონი გამოიწვევს სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების კონფისკაციას მონტენეგროში.

მონტენეგროს წინა ხელისუფლება უარყოფდა ასეთ მტკიცებას

XS
SM
MD
LG