Accessibility links

logo-print logo-print

ფრიდონ ინჯია: გვჯერა, მწვავე კრიტიკით შევძლებთ, გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის საქმიანობაზე


"პატრიოტთა ალიანსის" სიის ადგილმონაცვლის, ფრიდონ ინჯიას თქმით, პარლამენტში მმართველ პარტიასთან ოპონირების გამო შედიან. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" სურთ.

"შევდივართ პარლამენტში იმისთვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა, შევცვალოთ მათი გადაწყვეტილება, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული, მოურიდებელი, მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ, შევძლებთ, გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ინჯიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტს მიღმა დარჩენით "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარება სურს, "ქართულ ოცნებას" კი იმედი აქვს, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას გაანადგურებს.

"არც ერთი და არც მეორე არ არის სახელმწიფოებრივი და ის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვისაც არეულობა და დესტაბილიზაცია უნდა, ის თავისი ქმედებით ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, აჩქარებს მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლას, ახალგაზრდების ემიგრაციას სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაში არაა. ის, ვისაც ამის მანდატი აქვს, პარლამენტში უნდა იყოს", - თქვა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის უფლებამოსილება პარლამენტმა დღეს ცნო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს ოპოზციიდან 4 დეპუტატი ეყოლება, მათ შორის ერთ-ერთი ავთანდილ ენუქიძეა. 4-ვე მათგანი "პატრიოტთა ალიანსიდან" არის.

ხუთი პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს. ესენია: „ლეიბორისტული პარტია", „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ენმ - ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო". აღნიშნულმა ხუთმა პარტიამ შესაძლო ადგილმონაცვლეთა სიაც გააუქმა.

დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ და პარტია „მოქალაქეების" ორ დეპუტატს. მათ არც „სათადარიგო" სიის განულების განცხადება შეუტანიათ ცესკოში. გამონაკლისია "გირჩის" სიით პარლამენტში არჩეული ზურა ჯაფარიძე. მან პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით ინდივიდუალურად მიმართა და შემდეგ სხვა მიზეზით პარტია დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG