Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტში შესული გელა მიქაძე 30 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებს


საქართველოს პარლამენტის უკვე მოქმედი დეპუტატი, გელა მიქაძე საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისა და 30 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებს. ამის შესახებ მან მედიასთან პარლამენტში მისვლის პირველივე დღეს განაცხადა.

"დღესდღეისობით ყველა ეკონომიკური თავისუფლების ზონა გადაქცეულია ბოსლებად... ჩემი პარლამენტში შემოსვლის მთავარი მიზანია, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომელიც მე დავიწყე 2008-ში, დავასრულო და ქვეყანაში შევქმნა კიდევ 30 ათასი სამუშაო ადგილი. მე თუ ამას ვერ მივაღწევ და ის საკანონმდებლო ბაზა არ იქნება, მე სიტყვას ვდებ, რომ დავტოვებ პარლამენტის წევრობას", - აცხადებს მიქაძე.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა ესაა.

ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის უფლებამოსილება პარლამენტმა დღეს ცნო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს ოპოზიციიდან 4 დეპუტატი ეყოლება, მათ შორის ერთ-ერთი ავთანდილ ენუქიძეა. 4-ვე მათგანი "პატრიოტთა ალიანსიდან" არის.

ხუთი პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს. ესენია: „ლეიბორისტული პარტია", „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ენმ - ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო". აღნიშნულმა ხუთმა პარტიამ შესაძლო ადგილმონაცვლეთა სიაც გააუქმა.

დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ და პარტია „მოქალაქეების" ორ დეპუტატს. მათ არც „სათადარიგო" სიის განულების განცხადება შეუტანიათ ცესკოში. გამონაკლისია "გირჩის" სიით პარლამენტში არჩეული ზურა ჯაფარიძე. მან პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით ინდივიდუალურად მიმართა და შემდეგ სხვა მიზეზით პარტია დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG