Accessibility links

site logo site logo

ევროპის 13 სახელმწიფომ ევროკავშირს კოვიდის დაძლევის საქმეში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისკენ მოუწოდა


აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში, 2017 წლის ნოემბერი

წერილში, რომელიც გაეგზავნათ ევროპის კავშირის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ბლოკის წევრი 13 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით, მხარდაჭერა გაეწიოს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და ვაქცინის მიწოდების საქმეში.

უნგრეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, შვედეთის, დანიის, ფინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ხორვატიის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები დადებით შეფასებას აძლევენ ევროკავშირის პოზიციას კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების მხრივ და წერენ: „გვწამს, რომ ჩვენი საზღვრები არ იქნება დაცული, თუ ჩვენი მხარდაჭერა არ გავრცელდა უშუალო მეზობლებზე“.

წერილში, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ჯოზეფ ბორელს, ჯანდაცვის კომისარ სტელა კირიაკიდესს და ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰელს გაეგზავნა, საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი, „უნდა გავაგზავნოთ ძლიერი და კოორდინირებული მესიჯი აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგიული ფასეულობის თაობაზე“. მათ სწამთ, რომ „ვაქცინის მიწოდების შესაძლებლობა ამგვარი მესიჯის ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება“.

საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ასეთი მხარდაჭერა შესაძლებელია, თუ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნები ამ ინტერესს გამოხატავენ.

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა, საქართველოს გარდა შედიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG