Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა პირველად აღიარა, რომ "წესის და რიგის" მიხედვით მოხდება ძალაუფლების გადაცემა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად აღიარა, რომ მისი მეტოქე, დემოკრატი ჯო ბაიდენი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ფიცს დადებს. 7 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში მისი მომხრეების ძალადობრივი შეჭრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალაუფლების გადაცემა „წესის და რიგის“ მიხედვით მოხდება.

ტრამპმა ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც 7 იანვარს კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცეს ბაიდენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, ტრამპს - 232. სხდომაზე სენატმაც და წარმომადგენელთა პალატამაც უარყო რესპუბლიკელი კანონმდებლის ჯგუფის პრეტენზია ზოგიერთ შტატში კენჭისყრის შედეგების მიმართ.

დემოკრატები ამიერიდან კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ მინიმუმ ორი წლით.

ტრამპის მიერ დამარცხების აღიარებას დიდხანს ელოდნენ მას შემდეგ, რაც მან 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ კენჭისყრა გააყალბეს ბაიდენის სასარგებლოდ.

ამ აღიარებამდე კონგრესის შენობაში ბრბოს შეჭრის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამაც შემაძრწუნებლად იმოქმედა რესპუბლიკელებზე, დემოკრატებზე და მრავალ ადამიანზე მთელს მსოფლიოში.

კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა იყო კულმინაცია, რასაც წინ უძღოდა არჩევნების გარშემო აგრესიული რიტორიკისა და დაპირისპირების თვეები. ტრამპი ისევ და ისევ იმეორებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და საკუთარ მომხრეებს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ მას „მოპარული“ ხმების დაბრუნებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG