Accessibility links

logo-print logo-print

ქაოსი ვაშინგტონში: რა უძღოდა წინ, რა მოხდა და რა მოჰყვა შედეგად


6 იანვარს, ვაშინგტონში მომხდარი მოვლენები არნახულია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში. პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ერთობლივ სხდომაზე, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ. დაიღუპა ოთხი ადამიანი. კაპიტოლიუმში შეჭრის შემთხვევა ბოლოს 200-ზე მეტი წლის წინათ დაფიქსირდა - 1814 წელს იქ შეღწევა ბრიტანელებმა მოახერხეს.

რა უძღოდა წინ არეულობებს

მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპმა არაერთხელ უწოდა არჩევნებს გაყალბებული. მისმა გუნდმა არჩევნების შედეგების შესაცვლელად არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.

მნიშვნელოვანი დარღვევები კენჭისყრისას არცერთ ოფიციალურ პირს, მათ შორის, ტრამპის მოკავშირეებს არ აღმოუჩენია, მათ შორის არც გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს, რომელმაც განაცხადა: აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს არ უნახავს იმ მასშტაბის გაყალბება, რომელსაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეო. ბარი ამ განცხადების გამო პრეზიდენტის კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა და, ცოტა ხნის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა.

ტრამპი და მისი მომხრეები დღემდე აცხადებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, თუმცა ამის სანდო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

იანვრის დასაწყისში გავრცელდა პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს სთხოვდა, „მოეძებნა“ მისთვის საკმარისი ხმები, რომ ამ შტატში ბაიდენის გამარჯვება გაებათილებინა.

რითია აღსანიშნავი 6 იანვარი

აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, 6 იანვარს ტარდება კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სესია, სადაც საარჩევნო კოლეგიის ხმებს ითვლიან. როგორც წესი, შეხვედრა ფორმალური ხასიათისაა, თუმცა წელს სესიას განსაკუთრებული დატვირთვა მიენიჭა. პრეზიდენტთან დაკავშირებული კონგრესმენები და სენატორები აცხადებდნენ, რომ გააპროტესტებდნენ ჯო ბაიდენის გამარჯვებას.

ტრამპმა ასევე მოუწოდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, ამ სხდომას ხელმძღვანელობდა, არ დაემტკიცებინა ბაიდენის გამარჯვება. საპასუხოდ პენსმა სამგვერდიანი წერილით მიმართა კონგრესს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მართალია, „მილიონობით ამერიკელია შეშფოთებული არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით“, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციით არ ჰქონდა უფლება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გადაეწყვიტა და ამის უფლება მხოლოდ ამერიკელ ხალხს ჰქონდა.

რა ხდებოდა უშუალოდ არეულობის წინ

ტრამპა პენსს „ტვიტერზე“ უპასუხა - „მაიკ პენსს გამბედაობა არ ეყო, რომ ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუცია დაეცვაო“. ამ დროს კაპიტოლიუმის წინ უკვე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

ტრამპის მომხრეები თეთრი სახლის წინ შეიკრიბნენ და პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ კაპიტოლიუმისკენ დაიძრნენ.
ტრამპის მომხრეები თეთრი სახლის წინ შეიკრიბნენ და პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ კაპიტოლიუმისკენ დაიძრნენ.

დონალდ ტრამპი რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ 6 იანვარი ერთგვარი „განკითხვის დღე“ იქნებოდა. ის მოუწოდებდა მომხრეებს, ამ დროს ვაშინგტონში ჩასულიყვნენ და კონგრესისთვის ძალა ეჩვენებინათ.

მისი მთავარი მოკავშირეები „ბრძოლაზე“ ლაპარაკობდნენ. პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ თქვა, რომ არჩევნების შედეგებს „ბრძოლაში გამარჯვებული” (trial by combat) გადაწყვეტდა. ტრამპის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ ჯუნიორმა კი ის რესპუბლიკელები გააკრიტიკა, ვინც მამამისს ამ საქმეში გვერდით არ დაუდგებოდნენ. „ეს მათი რესპუბლიკური პარტია აღარ არის, - თქვა მან, - ეს დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიაა“.

სხდომა დაიწყო და მალევე შეჩერდა

ერთობლივ სესიაზე პირველი რამდენიმე კონგრესმენის გამოსვლის შემდეგ სხდომა შეწყდა. კაპიტოლიუმის შენობაში აგრესიული ბრბო შეიჭრა, რომელიც პოლიციას დაუპირისპირდა. კონგრესმენები და ვიცე-პრეზიდენტი პოლიციამ გადამალა.

ბრბო კაპიტოლიუმში შეიჭრა
ბრბო კაპიტოლიუმში შეიჭრა

როგორც მოგვიანებით გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, ტრამპის მომხრეები მოძრაობდნენ კაპიტოლიუმის შენობაში, შევიდნენ სენატის სხდომათა დარბაზში და ზოგიერთი კანონმდებლის ოფისში. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს სკამების უკან გამაგრებული იარაღმომარჯვებული პოლიციელები.

ოფიციალური ინფორმაციით, არეულობისას დაიღუპა 4 ადამიანი. ერთ მათგანს პოლიციელმა ესროლა, როდესაც ის კაპიტოლიუმში შეჭრას ცდილობდა. დანარჩენი სამის - ერთი ქალის და ორი მამაკაცის - სიკვდილი „სამედიცინო მიზეზებით“ იყო გამოწვეული. მეტი დეტალი პოლიციას არ გაუსაჯაროებია. შეტაკებებისას დაშავდა 14 პოლიციელი. დააკავეს 50-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა კაპიტოლიუმის შენობაში წესრიგის აღსადგენად, რის შემდეგაც კონგრესის სხდომა გაგრძელდა. ვაშინგტონში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

რა განცხადებები კეთდებოდა არეულობის დროს

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომხდარი შეაფასა უპრეცედენტო თავდასხმად დემოკრატიაზე - „თავდასხმა თავად კაპიტოლიუმზე - თავისუფლების ციტადელზე“. მან მოუწოდა დონალდ ტრამპს, გამოსულიყო ტელევიზიით, დაეგმო ძალადობა და მოეთხოვა „ალყის დასრულება“.

ბაიდენი ძალადობის შეწყვეტას ითხოვს
ბაიდენი ძალადობის შეწყვეტას ითხოვს

ტრამპის მიმართვა რამდენიმე წუთის შემდეგ გავრცელდა. პრეზიდენტმა გაიმეორა უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ და მოუწოდა შეკრებილებს, სახლში დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, ამ მოწოდებას დაურთო „გვიყვარხართ, ძალიან განსაკუთრებულები ხართო“.

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტვიტერში დაწერა, რომ ძალადობა „უნდა შეწყდეს და უნდა შეწყდეს ახლავე“. მან პირობა დადო, რომ არეულობაში მონაწილეები „კანონის სრულ ფარგლებში“ დაისჯებიან.

არეულობების დროს დონალდ ტრამპს დროებით დაუბლოკეს Twitter-ის, Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები. სოციალურმა ქსელებმა ასევე წაშალეს ტრამპის ვიდეომიმართვა, სადაც ის არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა. Facebook-ის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიმართვა გაზრდიდა ძალადობის რისკს. YouTube-ის განმარტებით, დარღვეული იყო არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესები.

რა მოხდა შემდეგ

განახლებული სხდომა გახსნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. მისი განცხადებით, ისინი, ვინც კაპიტოლიუმის შენობაში ქაოსი მოაწყვეს, დამარცხდნენ, რადგან ძალადობა არასდროს იმარჯვებს.

სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდა, რომ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ჯო ბაიდენმა, გაიმარჯვა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ეს პროცედურა ბოლო ეტაპია პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისის არჩევის პროცესში, რომლების ინაუგურაცია მოხდება 20 იანვარს.

სხდომის შემდეგ დონალდ ტრამპმა პირველად აღიარა, რომ ძალაუფლების გადაცემა „წესის და რიგის“ მიხედვით მოხდება.

6 იანვარს მომხდარის გამო მთელი მსოფლოს ოფიციალური პირებმა გამოთქვეს გულისწყრომა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ძალადობა და ქაოსი მოეწონებათ „დემოკრატიის მტრებს“ მთელ მსოფლიოში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, მომხდარს „სამარცხვინო“ უწოდა.

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა. „სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, - დაწერა საქართველოს პრემიერმა „ტვიტერზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კი გადაბეჭდა და გამოაქვეყნა ამერიკელი ჟურნალისტის კომენტარი, რომელშიც ეწერა, რომ „აშშ ვეღარასოდეს შეძლებს უთხრას მსოფლიოს, რომ ჩვენ დემოკრატიის მაგალითი ვართ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG