Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის დემოკრატია სერიოზული გამოცდის წინაშე


ქვეყნის ლიდერი საარჩევნო ადმინისტრაციის ადგილობრივ წარმომადგენელს სთხოვს, შეცვალოს კენჭისყრის შედეგები, რომლის საფუძველზეც ის დამარცხებულად გამოცხადდა. ლიდერის უახლოესი მრჩევლები ავრცელებენ უსაფუძვლო ჭორებს არჩევნების გაყალბების შესახებ. ლიდერის თანაპარტიელები ეჭვქვეშ აყენებენ კენჭისყრის საბოლოო შედეგებს, ავრცელებენ უჩვეულო არგუმენტებს, რაც არღვევს დიდი ხნის დადგენილ წესებს. ლიდერის თავგადაკლული მომხრეები აცხადებენ, რომ ქვეყნის დედაქალაქში მოიყრიან თავს, რაც ქუჩაში ძალადობის შიშს აჩენს.

სად ხდება ყოველივე ეს, რომელიმე პოსტსაბჭოთა ავტორიტარულ ქვეყანაში? აღმოსავლეთ აზიის რომელიმე ერთპარტიულ დიქტატურაში? ლათინური ამერიკის „ბანანის რესპუბლიკაში“?

არა, ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები, 2021 წელი.

ამ კვირაში, რომელიც შესაძლოა აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გადამწყვეტი პერიოდი იყოს, ამერიკელი კანონმდებლები 6 იანვარს შეიკრიბებიან ტრადიციულ ფორმალურ რიტუალზე, რასაც უკვე 134 წლის განმავლობაში ითვალისწინებს აშშ-ის კონსტიტუცია და ამ რიტუალზე საბოლოოდ უნდა დაამტკიცონ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

მაგრამ ეს ერთი შეხედვით ფორმალური ცერემონია ამ შემთხვევაში სულაც არ იქნება ასეთი: წარმომადგენელთა პალატის ათობით რესპუბლიკელი წევრი და მინიმუმ 12 რესპუბლიკელი სენატორი ამბობენ, რომ ისინი საარჩევნო კოლეგიის მიერ დადასტურებულ შედეგებს არ მიიღებენ. შედეგებს, რომელთა თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 3 ნოემბერს დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. ბაიდენის გამარჯვებას ისინი დაუსაბუთებელი მტკიცებულებების საფუძველზე აყენებენ ეჭვქვეშ და აცხადებენ, რომ კენჭისყრა გაყალბდა.

ცეცხლზე ნავთს ასხამს ის, რომ ამ თითქოს ფორმალურ ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ჯორჯიის შტატში ტარდება ორი არჩევნები, რომელთა შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს.

და სწორედ ასეთ უჩვეულოდ დაძაბულ ვითარებას ტრამპი კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას შთაბერავს თავისი სატელეფონო ზარით. კვირის ბოლოს ის ურეკავს ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს, რომელიც საარჩევნო პროცესისთვის არის პასუხისმგებელი. მედიაში გაჟონილი აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ ტრამპი მოხელეზე ზეწოლას ცდილობს, რათა ამ უკანასკნელმა „მოძებნოს“ მეტი ხმა და ამ შტატში ბაიდენის გამარჯვება გაბათილდეს.
„მართლაც უჩვეულო რამაა. ჯერ არასოდეს გვინახავს იმის მსგავსი რამ, თუ როგორ უარყოფს ეს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს“, ამბობს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი ბრაიან კალტი.

„ეს შემაშფოთებელია და ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების საფუძვლებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გაქვთ კენჭისყრის ხმები, ხმებს ითვლით და მერე საერთო რაოდენობას ადასტურებთ“, განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკისა და კონსტიტუციის თეორიის სპეციალისტი კით უიტინგტონი ტრამპის ქმედებას „ბანანის რესპუბლიკის მსგავს ნაბიჯებს“ უწოდებს.

„კარგი ისაა, რომ ყველა ასე არ მოქმედებს“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „ცუდი კი ის, რომ ჯერაც ბევრი ადამიანია, ვინც ასე მოქმედებს“.

ჯორჯიაში, არჩევნებისწინა მიტინგზე, რომლის მიზანი იყო ორი რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერა, რათა მათ საკუთარი ადგილები შეინარჩუნონ სენატში, ტრამპმა კვლავ გაიმეორა თავისი ვერსია და განაცხადა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა, რაც არ არის სიმართლე.

„ისინი ვერ ჩაიგდებენ ხელში თეთრ სახლს“, თქვა ტრამპმა ბაიდენსა და მის თანაპარტიელ დემოკრატებზე. „ჩვენ თავგამოდებით ბრძოლას ვაპირებთ“.

მე-12 შესწორება; 134 წლის კანონი

საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ზოგადი პროცედურები გადმოცემულია თავად აშშ-ის კონსტიტუციაში, შემდგომ შესწორებებსა და 1887 წლის კანონში. ზოგადად რომ ითქვას, საარჩევნო კოლეგიის წევრები კენჭისყრით ირჩევენ პრეზიდენტს იმის მიხედვით, თუ როგორი იყო კენჭისყრის შედეგები თითოეულ შტატსა და კოლუმბიის ოლქში.

ამის შემდეგ საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრის შედეგებს ამტკიცებს ახალი კონგრესი, რომელიც ახალ წელს დებს ფიცს. ეს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ხდება. ინაუგურაციის დღე, 20 იანვარი, მყარი თარიღია და ის კონსტიტუციის მე-12 შესწორებითაა გარანტირებული.

ჩვეულებრივ, კონგრესის ამ სხდომას უძღვება მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი - ამ შემთხვევაში მაიკ პენსი. დიდხანს არსებული კანონით, ვიცე-პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიული ფუნქცია აქვს. მათ შორის, მან უნდა გახსნას კონვერტები და ხმამაღლა წაიკითხოს საარჩევნო კოლეგიაში ცალკეული შტატის მიერ მიცემული ხმა.

1887 წლის კანონის მიხედვით, კონგრესის წევრებს შეუძლიათ, არ მიიღონ ეს ხმები, მაგრამ ეს შესაძლებლობა არასოდეს გამოუყენებიათ. ყოფილა მცირერიცხოვან კანონმდებელთა მხრიდან წინააღმდეგობა, მაგრამ ეს სწრაფად წყდებოდა.

მაგრამ წელს ვითარება სხვაგვარია. ათზე მეტი რესპუბლიკელი სენატორი - მათ შორის არიან ტედ კრუზი და ჯოშ ჰოული - შეუერთდა წარმომადგენელთა პალატის 100-ზე მეტ წევრს და მათ პირობა დადეს, რომ შეეწინააღმდეგებიან არჩევნების შედეგების დამტკიცებას. თითქმის უეჭველია, რომ ეს გამოწვევა წარუმატებელი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ 1887 წლის კანონით დადგენილ მკაცრ პროცედურებს.

მაგრამ კონგრესში მიმდინარე ამ პროცესებმა კიდევ უფრო დაამძიმა უთანხმოება ვაშინგტონში, სადაც ტრამპის ათასობით მომხრე იკრიბება 5 და 6 იანვარს. მათ შორის არიან ჯგუფები, რომლებიც ცნობილი არიან იმით, რომ ღიად უჭერენ მხარს ძალადობას.

ტრამპის იურიდიულმა მრჩევლებმა ათობით საჩივარი შეიტანეს შტატებისა და ფედერალურ სასამართლოებში. ისინი აცხადებდნენ, რომ კენჭისყრისას ადგილი ჰქონდა გაყალბებას ან ხმის მიცემის პროცედურაში კანონის დარღვევას. მაგრამ ყველა ეს სარჩელი, ერთის გარდა, უკუგდებულ იქნა, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მიერ.

სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ლუის გომერტმა, რომლის ინიციატივითაც იქნა შეტანილი სარჩელი, გამოაცხადა, ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოსო. მოგვიანებით მან უარყო ძალადობის მხარდაჭერა.

დემოკრატია დემოკრატიად, მაგრამ აშშ-ში არეულობებმა შეიძლება ასევე შედეგები იქონიოს თავად რესპუბლიკური პარტიისთვის. კრუზისა და ჰოულის ინიციატივას მოჰყვა წინააღმდეგობა მინიმუმ ოთხი რესპუბლიკელი სენატორის მხრიდან. მათ შორისაა მიტ რომნი, ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც ტრამპის წინააღმდეგ მისცა ხმა, როცა მისი იმპიჩმენტის საქმე წყდებოდა გასულ წელს.

არჩევნების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა „ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის მკაფიოდ გამოხატულ ნებას და მხოლოდ ემსახურება არჩევნების უკვე განსაზღვრული შედეგებისადმი ამერიკელების ნდობისთვის ძირის გამოთხრას“, წერს ოთხი რესპუბლიკელი სენატორი განცხადებაში, რომელსაც ექვსმა დემოკრატმაც მოაწერა ხელი.

პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორ უიტინგტონის თანახმად, კონგრესში ადრე არსებული დაპირისპირებები სარეკლამო ტრიუკები იყო. მაგალითად, როცა დემოკრატი სენატორი შეეწინააღმდეგა ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტად დამტკიცებას 2004 წელს.

უიტინგტონის თქმით, სხვა ვითარებაა 12 რესპუბლიკელი სენატორის შემთხვევაში, რომლებსაც ტედ კრუზი უდგას სათავეში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რიტორიკით ეწინააღმდეგება ტრამპი არჩევნების შედეგებს, მაშინ, როცა თითქმის ყველა შტატის საარჩევნო სტრუქტურების წარმომადგენელთა თქმით, კენჭისყრამ სერიოზული პრობლემების გარეშე ჩაიარა.

2 იანვრის სატელეფონო საუბარში, რომელმაც ერთი დღის შემდეგ Washington Post-ში გაჟონა, ისმის, როგორ მოუწოდებს და ემუქრება ტრამპი ჯორჯიის შტატის უმაღლეს საარჩევნო ოფიციალურ პირს, „იპოვოს“ ხმები, რომლებზეც ტრამპი უსაფუძვლოდ აცხადებს პრეტენზიას.

ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა ამ შტატში 11 779 ხმით გაიმარჯვა. ეს შედეგი დაადასტურა როგორც შტატმა, ისე საარჩევნო კოლეგიამ.

„შემდეგი ორი კვირა ძალიან სახიფათო იქნება ამერიკის დემოკრატიისთვის, თუკი [ტრამპი] გააგრძელებს იმასთან შეწინააღმდეგებას, რაც სასამართლოებმა და საარჩევნო სისტემის წარმომადგენლებმა აჩვენეს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვება ეჭვს არ იწვევს“, განუცხადა PBS-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ირვინიდან, აშშ-ის საარჩევნო კანონმდებლობის სპეციალისტმა რიკ ჰეიზენმა.

„არ მგონია, რომ კონსტიტუცია სუსტია“, ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორი, იურისტი სტივენ ვლადეკი. „უფრო საქმე ისაა, რომ ხალხი მიხვდა, ჩვენი სისტემის რომელი ნაწილი იმართება კონსტიტუციით და რამდენია დამოკიდებული პოლიტიკურ გარიგებაზე“.

მისი თქმით, აშშ-ის სისტემის მანიპულირება ხდება როგორც არასოდეს, მაგრამ ის ჯერ არაა „მართული დემოკრატია“, როგორიც რუსეთში შექმნა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„ჯერ არ ვართ იქ, მაგრამ ვხედავთ, როგორ შეგვიძლია იქ მისვლა. მე ვფიქრობ, უკანასკნელი ორი თვის მოქმედებები წარმატებით არ დასრულდება, მაგრამ შესაძლოა დავინახოთ, როგორ იქნება მომავალში“, ფიქრობს ვლადეკი.

აშშ-ის დემოკრატია, დემოკრატია უცხოეთში

6 იანვარს კონგრესის მიერ საპრეზიდენტო შედეგების დამტკიცებამ წესიერადაც რომ ჩაიაროს, უცხოეთში კიდევ დიდხანს იქნება შელახული აშშ-ის რეპუტაცია.

„შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა დასუსტდა, მაგრამ სამუდამოდ არაა დაზიანებული“, ამბობს ვაშინგტონის კვლევითი ცენტრის, Freedom House-ის ვიცე-პრეზიდენტი სარა რეპუჩი და უარყოფით ფაქტორებს შორის ის ასევე ჩამოთვლის კონგრესში ჩიხურ ვითარებებს და საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ზრდას.

„ამავე დროს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან ძლიერი კონტროლი სასამართლოს მხრიდან, ასევე ვხედავთ, რომ კონგრესში ბევრი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება არჩევნების შედეგების გაუქმებას“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

„ამჟამინდელი პოლიტიკური ბრძოლა და გაჭიანურებული საარჩევნო დავა ძალიან დიდი ზიანის მომტანია აშშ-ის ავტორიტეტისთვის, როგორც დემოკრატიის შუქურისთვის მთელ მსოფლიოში“, ამბობს ის.

ეს გაართულებს საგარეო პოლიტიკას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაშინ, როცა უცხოეთში დემოკრატიისთვის ხელის შეწყობა აშშ-ის პოლიტიკის ქვაკუთხედია.

„ეს საშინელ გავლენას იქონიებს ამერიკის რეპუტაციაზე მსოფლიოში“, უთხრა რადიო თავისუფლებას უიტინგტონმაც. „ძალიან გაგვიჭირდება იმ ნდობის ხელახლა აღდგენა, რითიც ადრე ვსარგებლობდით“.

მისი თქმით, ეს „ძალიან ართულებს ლიდერის პოზიციიდან მათი არჩევნების შესახებ საუბარს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, მაგრამ ასევე ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია“. უიტინგტონის აზრით, ამერიკაში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება ევროპელ პარტნიორებს აფიქრებინოს, რომ მათ უკეთ იციან, როგორ მოიქცნენ და შეიძლება ყური აღარ ათხოვონ ვაშინგტონს.

„ძნელია სხვას მოუწოდო იმისკენ, რასაც თავად არ აკეთებ“, დასძენს ვლადეკი.

აშშ-ის დემოკრატიის თაყვანისმცემელთათვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა - განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, პარტიული მიკუთვნებულობისა, მშვიდობის თუ ომის პერიოდისა - აშშ-ის სისტემის გამორჩეული ნიშანია.

მაგრამ ახლა ესეც კი ეჭვქვეშ დადგა - არა მხოლოდ ტრამპის დაუსაბუთებელი მტკიცების გამო, რომ არჩევნები გააყალბეს. ამას გარდა არსებობს შიში, რომ ის, როგორც აშშ-ის მთავარსარდალი, ჯარს ჩართავს საქმეში.

3 იანვარს აშშ-ის ათმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ისინი მოახლოებულ საფრთხეზე ლაპარაკობენ.

„შედეგების ეჭვქვეშ დაყენების დრო დასრულდა“, წერდნენ ისინი. „დადგა საარჩევნო კოლეგიის ხმების ოფიციალური დათვლის დრო, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული“.

თავისთავად ამ ფაქტმა, უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო აშშ-ის ფარგლებს გარეთ.

„აშშ-ის დემოკრატიის მიმართ რწმენა უნდა გაგვიძლიერდეს, როცა ათი ყოფილი თავდაცვის მინისტრი გვაფრთხილებს, არ იქნეს გამოყენებული შეიარაღებული ძალები არჩევნების შედეგებზე დავაში, თუ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ, მათი აზრით, საჯაროდ პოზიციის გამოხატვაა აუცილებელი?“ - კითხულობს ჟან-მარი გეენო, საფრანგეთის ყოფილი დიპლომატი და საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ყოფილი პრეზიდენტი.

„რაც უნდა უცნაურად გვეჩვენოს ეს, აშშ-ში საქმე გვაქვს გამოუცხადებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. ის დიდი ალბათობით წარუმატებლად დასრულდება“, წერდა Financial Times-ი 4 იანვრის სარედაქციო სტატიაში. „მაგრამ უახლოესი ორი კვირა ამერიკის ინსტიტუტების გამძლეობის სერიოზული გამოცდა იქნება. ამერიკის ინსტიტუტების და მისი სახელმწიფო მოხელეების სიმამაცისა“.

რეპუჩი ფიქრობს, რომ აშშ ძლიერ დემოკრატიად რჩება. დემოკრატიული ინსტიტუტები მთლიანობაში მშვენივრად ფუნქციონირებდნენ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში.

„ეს ძალიან განსხვავდება მსგავსი სიტუაციებისგან სხვა ქვეყნებში, სადაც საარჩევნო დავა ზრდის სისტემაზე წნეხს და ინსტიტუციები დაჰყვებიან აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას“, თქვა მან.

„მიუხედავად ამისა, ჩვენი დემოკრატიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პატივი ეცეს ამერიკელი ამომრჩევლის ნებას და რომ არჩევნების შედეგს კენჭისყრა განსაზღვრავდეს“, მიაჩნია რეპუჩის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG