სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის 2021 წლის საშობაო ეპისტოლე 7 იანვარს, საღამოს გამოქვეყნდა. მოლოდინის მიუხედავად, 6 იანვარს დაწყებულ საშობაო ლიტურგიაზე ეპისტოლე ვერ მოისმინეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ეპისტოლის დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზებზე ვკითხეთ. „რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა", - უთხრა რადიო თავისუფლებას მან. მისი თქმით, პატრიარქს ბოლო წუთს ჰქონდა ტექსტში რაღაცების შეცვლის სურვილი. „რაღაცები არ მოეწონა. რაღაცის შეცვლა აღარ მოხერხდა გვიან. მანამ საბოლოო რედაქტირება არ გაკეთდა, არ გამოქვეყნდა [საშობაო ეპისტოლე]", - ამბობს დეკანოზი.
პატრიარქის ეპისტოლეში გაკრიტიკებულია საკუთარი პიროვნების წარმოჩენის მიზნით გაწეული ქველმოქმედება.
„უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს“, - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
ილია მეორე ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთა შინაგან მდგომარეობაზე: „შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი“.
ეპისტოლეში ნახსენებია მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის საკითხიც.
„დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.
ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს“.
ეპისტოლეში ვკითხულობთ, კორონავირუსის პანდემიის შესახებაც: „ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.
წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან" (სიბრ. ზირ. 38,9-10).
ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა“.
ეპისტოლეს დასასრულს პატრიარქი მიმართავს თანამემამულეებს: „ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.
ყოველწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება“.
თეოლოგების თქმით,ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გუშინ, 6 იანვარს პირველად დაირღვა ტრადიცია და ეპისტოლე არ წაუკითხავთ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა დაინტერესებულ ჟურნალისტებს ამის მიზეზი ვერ განუმარტა: „ხო წაიკითხა მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირი სიტყვა... [რატომ არ წაიკითხეს ეპისტოლე] არ ვიცი ვერ გეტყვით. როგორ არ აქვს ხალხისთვის სათქმელი, სულ ელაპარაკება".
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ეპისტოლე არ წაკითხულა, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა 44 წლის განმავლობაში. ის, რაც მეუფე დანიელმა წაიკითხა ეს არის ლიტურგიულად გათვალისწინებლი წმინდა იოანე ოქროპირის ტექსტი, რომელსაც საშობაოდ კითხულობენ ყველა ტაძარში“.
ტიგინაშვილის თქმით, საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის განსხვავდება ხოლმე, სხვა ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა ეპისტოლეებისგან შინაარსით, პათოსითა და აქცენტებით. საქართველოს რეალობაში აქცენტი პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ეთმობა ხოლმე "როცა მოძმე ეკლესიებში სრულად საღვთისმეტყველო შინაარსის ტექსტებია ხოლმე".
ამდენად, გიორგი ტრიგინაშვილის თქმით, პატრიარქის ეპისტოლეს აქვს ის დატვირთვაც, რომ მისი შინაარსით შესაძლებელია საპატრიარქოს დამოკიდებულების და განწყობების გაგება.
დაწერეთ კომენტარი