Accessibility links

logo-print logo-print

კოვიდით გარდაცვლილთა ოჯახები სამედიცინო შეცდომებზე ჩივიან


7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 2 700 ადამიანს მიუახლოვდა. ლეტალური
შემთხვევების ზრდასთან ერთად მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ისმის კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრთა განცხადებები, სადაც ისინი სამედიცინო პერსონალის
გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმზე ჩივიან.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, მხოლოდ მედიაში რჩება ეს
პრეტენზიები თუ საჩივრები ჯანდაცვის სამინისტრომდეც აღწევს,
განხილულია თუ არა მსგავსი საქმე და როგორ?


5 იანვარს გორის საავადმყოფოში გარდაცვლილი 52 წლის ზურაბ დუღაძის ოჯახმა ექიმები მათი ნათესავის არასწორ მკურნალობაში დაადანაშაულა. ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს ინტერვიუები მისცეს, სადაც ამბობდნენ, რომ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდნენ. ზურაბ დუღაძის ნათესავები ჰყვებიან, რომ იგი გორის საავადმყოფოში კოვიდის გადატანიდან მალევე დაბალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით მიიყვანეს, ექიმებმა კი სათანადო ყურადღება არ დაუთმეს.
„სანამ მთელი საავადმყოფო არ დავაყენეთ ფეხზე და ტელევიზიაში არ
დავრეკეთ, არ გადაუღეს „კატე”, სადაც გამოჩნდა, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ექიმს ვეუბნებოდით და ფილტვების 40 % დახშული
ჰქონდა”
, - ჰყვება გარდაცვლილის ნათესავი თამარ სამხარაძე.

„გორმედი“ ამბობს, რომ დახმარება პაციენტს პროტოკოლის
შესაბამისად გაუწიეს და კატეგორიულად გამორიცხავს მედპერსონალის შეცდომას. საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიის სამსახურის უფროსმა ტატო ქაჯაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაციენტს ლეიკემია გაუმწვავდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით,
ეს საქმე ოფიციალურად გასაჩივრებული არ არის.

რამდენიმე დღით ადრე, 17 დეკემბერს, კორონავირუსით გარდაიცვალა 29 წლის გიორგი კაკოშვილი. ამ შემთხვევაში პაციენტის ახლობლები დამნაშავედ დაზღვევის ექიმს თვლიან - სიმპტომების საწყის ეტაპზე არასწორი დიაგნოზი, დაგვიანებული და არასწორი მკურნალობა...
„სადაზღვევო კომპანიის ექიმთან კონსულტაცია გაიარა, რის შემდეგაც
კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს. მას შემდეგ, რაც ტესტი უარყოფითი
იყო, ექიმმა ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვა და სახლში მკურნალობა
გააგრძელა. გიორგიმ მას შემდეგ, რაც კიდევ დამძიმდა, სხვა კლინიკას მიმართა, სადაც ფილტვების მწვავე ანთების დიაგნოზი დაუდგინეს”
, - ჰყვება გიორგის მეგობარი, ბადრი ბერიძე.
მისი თქმით, მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეში მისი მეგობრის
მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გიორგი კაკოშვილის გარდაცვალების მიზეზის შეფასებისას ჯანდაცვის
მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საჯაროდ ასეთი განცხადება გააკეთა:

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

„ყველა შემთხვევას სწავლობს როგორც კლინიკური ჯგუფი, ასევე
კლინიკური აუდიტი და [სამედიცინო] რეგულირების სააგენტო.
დეტალური შესწავლის შემდეგ ყველა შემთხვევა ექვემდებარება
გასაჯაროებას”.

მინისტრი კიდევ უფრო მკაფიო იყო 19 წლის თეკლა თორდიას
გარდაცვალების საქმეზე: „პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე
პასუხებს მივაწვდით საზოგადოებას... კვლევა დაწყებულია“, -
თქვა 2
დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ და დაამატა, რომ ამ საქმის კვლევას
პირადად გააკონტროლებდა.

თეკლა თორდია
თეკლა თორდია

კოვიდინფიცირებული თეკლა თორდია, რომელსაც ქრონიკული დიაბეტი ჰქონდა, 29 ნოემბერს გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. კლინიკის პერსონალი, ისევე როგორც სხვა მედიკოსები, რომლებმაც გოგოს სხვადასხვა მომენტში გაუწიეს დახმარება, ამტკიცებს, რომ ყველა ეტაპზე პროტოკოლის მიხედვით მკურნალობდნენ. ოჯახი კი საპირისპიროს ამბობს: რომ არა ექიმების და სახელმწიფოს უყურადღებობა და დაუდევრობა, თეკლა ცოცხალი იქნებოდაო. „სამინისტროში გავლენიანი
[ადამიანი] არ გყავთ, ერთი ადგილი რამენაირად რომ გამოგიძებნოთო? - სასწრაფოს ექიმი გვეკითხებოდა ამას”
, - ჰყვება თეკლას დედა, ირმა ხელაშვილი.

კანონი პაციენტს უფლებას აძლევს, დეტალურად გაეცნოს მკურნალობის სტრატეგიას, მათ შორის, კოვიდის შემთხვევაში. იგივე უფლება აქვს ოჯახს, რომელიც სასამართლო დავაში ერთვება და თვლის, რომ ფატალური დასასრული ექიმების არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობას მოჰყვა.
ადამიანის უფლებების ცენტრში ამბობენ, რომ მათ სულ 5 შემთხვევა
ჰქონდათ, როდესაც ოჯახმა ისურვა მედიკოსების წინააღმდეგ
სამართლებრივად ებრძოლათ, თუმცა არცერთი ეს საქმე ბოლომდე არ მისულა.

ლაზარე ჯიბლაძე - იურისტი
ლაზარე ჯიბლაძე - იურისტი

„რადგან პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო, აღარ უნდოდათ ამ საქმეზე კიდევ საუბარი. თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ვისაც ჰქონია სამედიცინო გულგრილობასთან ან რაიმე სხვა სახის დარღვევასთან შეხება, დავეხმაროთ. მაგალითად, ზოგჯერ ყოფილა კლინიკაში ადგილი, მაგრამ პაციენტი არ მიუღიათ”, - ამბობს HRC-ის იურისტი ლაზარე ჯიბლაძე.
„ბევრი კითხვა მაქვს. თითქოს ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, რას უკეთებდნენ, როგორ უკეთებდნენ, ბოლომდე ესეც არ ვიცით.
გამოსაძიებელია, რომ კიდევ სხვები არ დაზარალდნენ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. უნდა მოხდეს გამოძიება, თუმცა პროკურატურის გამოძიებას არ ვენდობი და შეიძლება ვინც მართლა დამნაშავე იყო, მშრალად გამოვიდეს... საბოლოოდ ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობასა და არასწორ მიდგომასთან მივდივართ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეკლას მამამ, რატი თორდიამ.

2 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა, ოჯახის მიმართვის გარეშე, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, თეკლა თორდიას საქმის შესწავლის თაობაზე შეტყობინება „სამედიცინო რეგულირების სააგენტოში” გაგზავნა.


„სამედიცინო რეგულირების სააგენტოში“ საქმის განხილვა რამდენიმე ეტაპს გადის:

  • პირველ რიგში, სააგენტოში შედის განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს პაციენტი, მისი ოჯახის წევრი, მედიაში გახმაურების შემთხვევაში, უწყებამ შეიძლება თავად დაიწყოს კვლევა);
  • რეგულირების სააგენტო სასამართლოს ნებართვით სწავლობს სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას;
  • დოკუმენტაცია პაციენტის ანონიმურობის დაცვით ხვდება დარგის სპეციალისტებთან (შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე), რომლებიც წერენ პროფესიულ დასკვნას;
  • საკითხს ასევე განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭოს ეთიკის კომისია, რომელიც საგანგებოდ ეთიკურ ასპექტებზე მსჯელობს;
  • დასკვნები ეგზავნება სამინისტროს „პროფესიული განვითარების საბჭოს”, რომლის თავმჯდომარეც არის ჯანდაცვის მინისტრი.
  • პროფესიული განვითარების საბჭო წყვეტს, მიიღოს თუ არა ექიმმა გაფრთხილება, შეუჩერდეს თუ არა მას ლიცენზია, გადაეცეს თუ არა საქმე პროკურატურას.

ფონდ „ღია საზოგადოების“ წარმომადგენელი ნინო კიკნაძე, რომელიც
ჯანდაცვის სფეროს საკანონმდებლო მხარის გაუმჯობესებაზე მუშაობს,
ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში ექიმები, რომლებიც სადავო საქმეზე წერენ პროფესიულ დასკვნას, კოლეგიალობიდან გამომდინარე, ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების ინტერესებს იცავენ.
„გადაწყვეტილების მიმღები ექიმები, ხშირ შემთხვევაში, იცნობენ სხვა
ექიმებს და შეიძლება ითქვას, რომ სუბიექტურობის ელემენტიც არის.
პირობითად, რეანიმატოლოგმა რომ იცოდეს მის გვერდზე მდგომი
ანესთეზიოლოგის შეცდომის შესახებ, ამ პასუხისმგებლობას მას არ
დააკისრებს. რეგულირების სააგენტოს მუშაობა, ალბათ, ცოტა
გადასახედია - [მის მუშაობაში] სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და იურისტები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული”
, - უთხრა
თავისუფლებას ნინო კიკნაძემ.

კოვიდის მკურნალობის შემთხვევაში, მართალია, არსებობს საერთო,
სტანდარტული პროტოკოლი, მაგრამ იგი იმდენად ზოგადია, რომ, ერთი მხრივ, ექიმებსა და კლინიკებს დიდი ლავირების შესაძლებლობას აძლევს, მეორე მხრივ კი, გადაწყვეტილების მიღებისას მედპერსონალის დაბნეულობის მიზეზიც ხდება.

ნინო მირზიკაშვილი - ჯანდაცვის ექსპერტი
ნინო მირზიკაშვილი - ჯანდაცვის ექსპერტი

„იმხელა ლავირების საშუალებას იძლევა ეს პროტოკოლი, რომ ყველა საავადმყოფოში სხვადასხვანაირად მკურნალობენ და, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, როგორ მოხდება დაავადების მართვა”, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ილიაუნის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ნინო მირზიკაშვილი.

სახალხო დამცველის აპარატის იურისტი კიდევ ერთ პრობლემაზე
მიუთითებს: „სამედიცინო რეგულირების სააგენტოს” არ აქვს საქმეების განხილვის კონკრეტული ვადა. შესაბამისად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოჯახებს პასუხი საჩივრის წარდგენიდან ერთი წლის თავზეც არ მიუღიათ. თუმცა იმედოვნებს, რომ ასე არ მოხდება პანდემიასთან დაკავშირებული საქმეების შემთხვევაში.
პანდემიის დროს ომბუდსმენმა 2 ფატალურ შემთხვევაზე მოახდინა
რეაგირება და იყო რამდენიმე მიმართვა, როდესაც კოვიდპაციენტები
სამედიცინო მომსახურების არასათანადო ხარისხსა და პერსონალის
გულგრილობაზე ლაპარაკობდნენ.
„გახმაურებული იყო პოლიტიკოსების, თაკო ჩარკვიანის დედის შემთხვევა და გედევან ფოფხაძის შემთხვევა, როდესაც საჯაროდაც საუბრობდნენ პერსონალის უყურადღებობის შესახებ. კოვიდინფიცირებული შშმ პირის შემთხვევა გვქონდა, სადაც არაადაპტირებულ გარემოზეც მიუთითებდა და მკურნალობის არასათანადო ხარისხზე. ამ შემთხვევაზე მოგვწერეს,
პანდემია რომ დასრულდება, მერე შევამოწმებთ რაღაცებსო, რადგან
გარემოს შესაფასებლად ადგილზე მისვლა იქნება საჭირო”,
- ამბობს
სახალხო დამცველის აპარატის იურისტი ლიკა წიკლაური.

თამარ გაბუნია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

2 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ თეკლა თორდიას საქმეზე ექსპერტიზა მიმდინარეობს, დოკუმენტაციას პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე იანვარში განიხილავენ, რის შემდეგაც პროფესიული დასკვნა გასაჯაროვდება.
„აქამდე რაც არის დასკვნები, სამედიცინო მომსახურების პრაქტიკიდან
გადაცდომის ფაქტები ამ დასკვნაში აღწერილი არ არის, თუმცა დამატებით საჭიროა ეთიკური კომისიის გავლა და საბჭოს ფორმატში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა“,
- თქვა მან.
მინისტრის მოადგილის თქმით, საერთო ჯამში, ათამდე საყურადღებო
შემთხვევაა განსახილველად შესული სამედიცინო რეგულირების
სააგენტოში და ჯერ მხოლოდ ერთი შუალედური დასკვნაა
სამინისტროსთვის ცნობილი. მისი ვარაუდით, იანვარში ეს საკითხი
სრულად უნდა დასრულდეს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან 7 ნოემბრის
ჩათვლით ინფიცირებულია 235 491 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 2 694.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG