Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ფხალაძე: ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან სერიოზული შანსია საქართველოსთვის


თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან სერიოზული შანსია საქართველოსთვის, თუკი სწორად გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაცილებით ახალ და კიდევ უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ ფხალაძემ. კითხვაზე, როგორ აისახება აშშ-ში 6 იანვარს განვითარებული მოვლენები საქართველოზე, მან აღნიშნა, რომ დემოკრატია და დემოკრატიის თემები კიდევ უფრო აქტიურად იქნება წამოწეული ამერიკის შეერთებული შტატების არა მხოლოდ შიდა დღის წესრიგში, არამედ საგარეო დღის წესრიგშიც.

„იცით თქვენ, რომ ბაიდენმა უკვე დაასახელა ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომლის ჩატარებასაც ის აპირებს, ეს არის დემოკრატიების ფორუმი და აქედან გამომდინარე, ის საკითხები, რასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მოდით ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაცია, გაცილებით უფრო აქტიურად იქნება წამოწეული დღის წესრიგში“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. გადაცემაში მან საქართველოს მიერ დემოკრატიის მაღალი სტანდარტების ჩვენების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ ბაიდენმა კარგად იცის საქართველოს საჭიროებების შესახებ:

„ჯერ ერთი, ბაიდენიც და მისი ადმინისტრაციაც არაჩვეულებრივად იცნობს ამ ქვეყანას. მათ არ სჭირდებათ ამ ქვეყნის გაცნობა და ისინი არაერთხელ არიან ნამყოფები. ძალიან კარგად იციან შიდა და გარე ვითარებაც, ძალიან კარგად იციან შიდა და გარე გამოწვევებიც, საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს რუსეთიდან, ჰიბრიდული ომები, რეგიონის გეოპოლიტიკა, თავის სირთულეები და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ბაიდენი არის ის ადამიანი, რომლის ვიცე-პრეზიდენტობის დროსაც საქართველომ მიიღო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაპირება. ამიტომ, თუ ამ ყველაფერს სწორად გამოვიყენებთ და, იმავდროულად, თუ ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მართლაც ვაჩვენოთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტები, არა განცხადებით, არამედ რეალურად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ სერიოზული შანსი გვაქვს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“.

XS
SM
MD
LG