Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი წელს დამატებით იძენს 300 მილიონ დოზა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას


ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ დამატებით უზრუნველყო 300 მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მოპოვება. ეს Pfizer-BioNTech-ის 2021 წლის მთელი პროდუქციის დაახლოებით ნახევარს უდრის. ამის შესახებ 8 იანვარს განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე ევროკავშირს უკვე ჰქონდა ამერიკულ კომპანია Pfizer-თან და მის გერმანელ პარტნიორ BioNTech-თან შეთანხმება 300 მილიონ დოზაზე.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი შეკვეთის ნაწილს, 75 მილიონ დოზას, ბრიუსელი მეორე კვარტალში მიიღებს, დანარჩენს - წლის ბოლომდე.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეამსუბუქოს ევროკავშირზე ზეწოლა და მის მიმართ კრიტიკა, რომ ის საკმარისად არ ზრუნავს მთელი ბლოკის ვაქცინით მომარაგებისთვის.

ევროკავშირმა საერთო ჯამში 2 მილიარდ დოზამდე ვაქცინის თაობაზე მიაღწია ექვს შეთანხმებას - Moderna-სთან, AstraZeneca-სთან, Sanofi-GSK-სთან, Janssen Pharmaceutica NV-სთან, Pfizer-BioNTech-სთან და CureVac-სთან.

ჯერჯერობით ევროკავშირში მხოლოდ Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების გამოყენებაა ნებადართული. მაგრამ ევროკავშირის სამედიცინო პრეპარატების რეგულატორმა, EMA-მ, 8 იანვარს განაცხადა, რომ შეიძლება თვის ბოლომდე დამტკიცდეს ბლოკში გამოყენებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინაც.

XS
SM
MD
LG