Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძე ჩინური წარმოების ვაქცინაზე: ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუკზე" წერს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხზე.

ცერცვაძე საკუთარ მოსაზრებას ოთხ პუნქტად აყალებებს და მიიჩნევს, რომ ჩინური წამოების ვაქცინა არ არის „ხელწამოსაკრავი“.

ჩინური თუ არა, მაშ რომელი? - რა ვიცით კოვიდ-ვაქცინაციის შესახებ საქართველოში

„ბოლო დღეებში ცალკეული მედიასაშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:

1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი.

2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამოდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს.

3. პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „AstraZeneca“-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე „Pfizer”-ის ან „Moderna”-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისათვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, „AstraZeneca“-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. ჩემი ეს პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული ყველა ინტერვიუში და გასულია ტელევიზიით „tv-ფორმულა“-ში, „ფორმულა News“-ის ა.წ. 9 იანვრის საღამოს გადაცემაში (20:21 სთ) და „TV იმედში“ ა.წ. 11 იანვრის „ქრონიკის“ დილის გადაცემაში (11:18 სთ).

4. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ განიხილება საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანა - „ასტრაზენეკასი“ და კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის. „ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია“, - უთხრა ცერცვაძემ „ფორმულას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG