Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა უარი თქვა პრეზიდენტ ტრამპის ქმედუუნაროდ გამოცხადებაზე


ფოტო არქივიდან: მაიკ პენსი და დონალდ ტრამპი
ფოტო არქივიდან: მაიკ პენსი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ აპირებს გამოიყენოს კონსტიტუციის 25-ე შესწორება პრეზიდენტის თანამდებობიდან დონალდ ტრამპის ჩამოსაშორებლად. მაიკ პენსმა უარი წერილობით აცნობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ სპიკერს, ნენსი პელოსის.

ვიცე-პრეზიდენტი წერს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე რვა დღით ადრე, დემოკრატების ფრაქცია მისგან და მთავრობისგან მოითხოვს 25-ე შესწორების გამოყენებას, რაც, მისი შეფასებით, პოლიტიკური თამაშია და საშინელ პრეცედენტს შექმნის. ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი კურსი არ პასუხობს ერის ინტერესებს და არ შეესაბამება კონსტიტუციას.

მაიკ პენსმა კანონმდებლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქმედებისგან, რომელიც საზოგადოებას კიდევ უფრო გახლეჩს, და ხელი შეუწყონ ტემპერატურის დაწევას და ქვეყნის გაერთიანებას.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფმა დემოკრატებმა ვიცე-პრეზიდეტ პენსს 11 იანვარს მიმართეს, გამოეყენებინა კონსტიტუციის 25-ე შესწორება, რომელიც პრეზიდენტის ქმედუუნაროდ გამოცხადების და გადაყენების საშუალებას იძლევა. თანხმობის შემთხვევაში, 20 იანვრამდე, ანუ ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, პრეზიდენტის მოვალეობას მაიკ პენსი შეასრულებდა.

ვიცე-პრეზიდენტის უარის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატა თავად დაიწყებს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას.

დემოკრატებმა პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვეს მას შემდეგ, რაც 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

დემოკრატები რესპუბლიკელ პრეზიდენტს ადანაშაულებენ ამბოხებისკენ წაქეზებაში და მიიჩნევენ, კაპიტოლიუმში შეჭრა იყო პირდაპირი შედეგი ტრამპის მორიგი განცხადებისა, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგს არ აღიარებს.

12 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ შეთითხნილი იმპიჩმენტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სასტიკი „კუდიანებზე ნადირობის“ გაგრძელებაა, რაც ბევრი ადამიანის რისხვას და უთანხმოებას იწვევს და ქვეყნისთვის საშიშია. ტრამპის თქმით, მას ძალადობისკენ არავისთვის მოუწოდებია.

XS
SM
MD
LG