Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშებს ასადის რეჟიმის მომხრე 40-მდე მებრძოლი ემსხვერპლა


ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 გამანადგურებლები. 2017 წ. ფოტო.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 გამანადგურებლები. 2017 წ. ფოტო.

სირიაში მიმდინარე ომის დამკვირვებელთა თანახმად, სამთავრობო ჯარების 40-მდე სამხედრო და მათი მოკავშირე მებრძოლები იქნენ მოკლული საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც, როგორც აცხადებენ, ისრაელმა განახორციელა პროირანული ძალების იარაღის საწყობებზე.

ირანის საჰაერო ძალებმა 18-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს აღმოსავლეთ სირიაში, ქალაქ დეირ-ეზორსა და ერაყის საზღვარს შორის ტერიტორიაზე, განაცხადა 13 იანვარს სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიამ, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა. ორგანიზაციის თანახმად, წუხელ განხორციელებული იერიშებისას მოკლულია მთავრობის მომხრე 31 მეომარი, რომელთა ეროვნებას არ იტყობინებიან.

მებრძოლები ეკუთვნოდნენ ლიბანურ შიიტურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ და „ფატიმიდის ბრიგადას“, რომელიც ძირითადად პროირანული ორიენტაციის ავღანელი მებრძოლებით არის დაკომპლექტებული, იტყობინება ობსერვატორია.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA იტყობინება, რომ ისრაელმა იერიშები განახორციელა ქალაქ დეირ-ეზორზე და ალბუ-ქამალის რეგიონში. სხვა დეტალებს სააგენტო არ იტყობინება.

რუსეთთან ერთად ირანი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს სამოქალაქო ომში, რომელიც ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით დაიწყო 2011 წლის მარტში. მას შემდეგ 400 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მილიონობით იქცა ადგილნაცვალ პირად.

ისრაელმა პირობა დადო, რომ წინ აღუდგება სირიაში ირანის პოზიციების გაძლიერებას. ის ასობით საჰაერო იერიშს ახორციელებს, მისი თქმით, ირანული სამიზნეებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG