Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო საგამოძიებო სამმართველო უარზეა, ნავალნის მოწამვლაში ეფ-ეს-ბეს თანამშრომლების მონაწილეობა გამოიკვლიოს


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო მთავარი სამმართველო უარს ამბობს გამოიკვლიოს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობა, როგორც ეს მოითხოვა კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა. უარის ასლი ნავალნიმ გაავრცელა თავის ბლოგის მეშვეობით.

ოფიციალურ პასუხში წერია, რომ „კონკრეტული ცნობები გარემოებების შესახებ, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების ქმედებაში დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს, განცხადებაში არ ჩანს“.

13 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომელიც გამოცემა Mash-იმ გაავრცელა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ალექსეი ნავალნიზე ძებნა გამოაცხადა. რედაქციის ხელთ არსებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპოზიციონერი თავს არიდებდა კონტროლს როგორც პირობით გასამართლებული.

13 იანვარს ნავალნიმ განაცხადა, რომ 17 იანვარს დაბრუნდება რუსეთში. მოსკოვში მის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ძებნის გამოცხადება ნიშნავს, რომ ის რუსეთში ჩაფრენისთანავე უნდა დააპატიმრონ.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელ ალექსეი ნავალნის 2014 წელს მიესაჯა 3,5 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობის მუხლით. თავად მან არ აღიარა დანაშაული და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

30 დეკემბერს ოპოზიციონერს გაუვიდა ამ განაჩენთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა. 28 დეკემბერს სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა მისგან მოითხოვა, გამოცხადდეს რეგისტრაციისთვის, იანვარში კი სამსახურმა სასამართლოსგან მოითხოვა ნავალნის საცდელი ვადა რეალური საპატიმრო ვადით შეუცვალოს. თუკი ის დამნაშავედ ცნეს, ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა ემუქრება.

ძებნის შესახებ დადგენილებაში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის ნოემბრის ბოლოდან ეძებს. პოლიტიკოსი იმ დროს გერმანიაში იმყოფებოდა სარეაბილიტაციოდ.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ის რუსეთში შეიძლება მოეწამლათ. ნავალნი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს მოწამვლის შეკვეთაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG