Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ განსახილველად მიიღო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ყირიმის თაობაზე


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, სტრასბურგი.

როგორც ხუთშაბათს გახდა ცნობილი, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უმეტეს პუნქტში მიიღო განსახილველად რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხთან დაკავშირებით. არსებითი განხილვის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია ევროსასამართლოს ვებსაიტზე. სასამართლომ სარჩელი „ნაწილობრივ მისაღებად“ აღიარა, მაგრამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ის დათანხმდა განიხილოს უკრაინის სარჩელში შემავალ საკითხთა უმრავლესობა. სხვათა შორის, განხილულ იქნება ბრალდებები ყირიმში მკვლელობების არასათანადოდ გამოძიებაზე რუსეთის მიერ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის პრაქტიკაზე და ადამიანების მიმართ უღირს მოპყრობაზე, არარუსულენოვანი მედიის დევნასა და სხვა ენებზე განათლების შეზღუდვაზე, რუსეთის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებაზე, ქონების ექსპროპრიაციაზე, ყირიმელი თათრების მიმართ რეპრესიებზე. სასამართლომ უარი თქვა განიხილოს რუსეთის მიმართ ბრალდებები სამოქალაქო პირების მკვლელობებისა და ყირიმში უცხოელი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებზე, ვინაიდან ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება ლაპარაკი რუსეთის მმართველობის მიერ დაწესებულ ზოგად პრაქტიკაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ, მისი აზრით, რუსეთი ყირიმის ტერიტორიაზე „ფაქტობრივ კონტროლს“ ახორციელებდა 2014 წლის 27 თებერვლიდან, იმ მომენტიდან, როცა რუსეთის სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს რიგი ადმინისტრაციული შენობები, თუმცა ყირიმის ანექსია ფორმალურად მარტში მოხდა. სასამართლო განიხილავს ყირიმში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებს 2014 წლის 27 თებერვლიდან 2015 წლის 26 აგვისტომდე. სასამართლოს თანახმად, განხილვის საგანი არ არის რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შეყვანის კანონიერების საკითხი.

უკრაინამ ყირიმში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ სარჩელი აღძრა 2014 წლის 13 მარტს, ჯერ კიდევ ანექსიის ფორმალურ გამოცხადებამდე. მოგვიანებით ხდებოდა სარჩელების შევსება. 2018 წელს ყველა გაერთიანდა ერთ საქმედ, რომელსაც სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG