Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვთხოვე და შევთანხმდით, რომ ის რუსი ბალერინაა - ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანანიაშვილზე


ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვლადიმირ კეხმანინინო ანანიაშვილთან გაწყვეტილი კონტრაქტის შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს და ურთიერთობის შეწყვეტის მთავარ მიზეზად მის მიერ ინფორმაციის გასაჯაროებას ასახელებს. ვლადიმირ კეხმანის თქმით, ანანიაშვილი საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა იმ პირობებზე, რომელიც თეატრის ხელმძღვანელმა მას წაუყენა, არსებობდა თანხმობა და მისგან არ ელოდნენ ინტერვიუს, სადაც ნინო ანანიაშვილი ისაუბრებდა მის კონტრაქტზე რუსულ თეატრთან თეატრის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე. კეხმანი ამბობს, რომ არსებობს გარკვეული ტრადიცია და ანანიაშვილს, როგორც თეატრში მომუშავე ადამიანს და მსოფლიოს ცნობილ ბალერინას, უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნები:

"ნინომ ეს შეთანხმება დაარღვია და ინტერვიუ მისცა. მე თეატრის დასი ახალ წლამდე გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, ისინი საქმის კურსში იყვნენ… მაგრამ მე მისი ვინაობა არ გამიმხელია. სამწუხაროდ, უსიამოვნო ისტორიააა," - ამბობს კეხმანი ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბარში. ის ყვება, რომ ანანიაშვილი მას მახარ ვაზიევმა, მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა გააცნო, რომელთან ერთადაც გასული წლის თებერვალში იყო ჩამოსული საქართველოში ბალერინას გასაცნობად. კეხმანის თქმით რუსული თეატრის ანანიაშვილით დაინტერესება ძირითადად მისი კონტაქტებით იყო ძირითადად გამოწვეული და ანანიაშვილის ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ მას თეატრის რეპერტუარის შექმნაზე უნდა ემუშავა.

"ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი იყო პირველ რიგში მისი სართაშორისო კავშირები იმის გათვალისწინებით, რომ ის მართლაც ვარკვლავია - იაპონიაში, ამერიკაში, კორეაში, ჩინეთში. მას ამ ქვეყნებში ბევრი უცეკვია, მას ბევრი იცნობს და ის იცნობს ბევრ ცეკვის ჯგუფს და მათ ხელმძღვანელებს. მე მინდოდა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრში რაც შეიძლება მეი ვარსკვლავი მომეწვია, მიმეცა მათთვის შესაძლებლობა, ვინც ახლა სამსახურის გარეშე ზის. ამის გარდა, მე მოვიხიბლე ქართული თეატრის სილამაზით და რა თქმა უნდა, მინდოდა რუსეთსა და საქართველოს რთული ურთიერთობების მიუხედავად, გვეთანამშრომლა ქართულ თეატრთანაც" - ამბობს ვლადიმირ კეხმანი, რომლის თქმითაც, ნინო ანანიაშვილი დეკემბრის ბოლოს იმყოფებოდა ნოვოსიბირსკსა და სანკტ-პეტერბურგში, თეატრის დასათვალიერებლად და კონტრაქტის დეტალების საბოლოოდ შესათანხმებლად.

"გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ იგი რუსი ბალერინაა - ეს ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო. მან დიდხანს იფიქრა. ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ, მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა და დეკემბრის ბოლოს გაფრინა ნოვოსიბირსკში თეატრის გასაცნობად, შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ნოვოსიბირსკიდან ჩემთან, სანკტ-პეტერბურგშიც ჩამოვიდა და ჩვენ, საბოლოოდ, კიდევ ერთხელ განვიხილეთ თითოეული ნაბიჯი. მისი მხრიდან არცერთი უზუსტობა არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ მასთან არ გაგვიფორმებია დოკუმენტი, რომლებსაც ჩვეულებრივ, ყველასთან ვაფორმებთ ხოლმე – შემოქმედებით ადამიანებთან. ამ დოკუმენტებში, რომელიც როგორც წესი, კონტრაქტის ნაწილია, წერია, რომ ყოველანაირი პიარაქტივობა უნდა იყოს შეთანხმებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან.

თუმცა მაინც მოხდა ის, რაც მოხდა – მხედველობაში მაქვს ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა (ეს ნინოსაგან ერთგვარი საშობაო საჩუქარი აღმოჩნდა). ასეთი ნაბიჯი, პირველ რიგში, კოლექტივის უპატივცემულობაა. მეორე მომენტი: აღნიშნულ ინტერვიუში მის მოტივაციად, თუ რატომ მიდის ნოვოსიბირკში სამუშაოდ, სულ სხვა რამ იყო დასახელებული, ვიდრე ის, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით" - ყვება კეხმანი რუსულ გამოცემასთან და აყოლებს, რომ ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლებოდა, მცირე ტყუილს დიდი ტყუილი მოსდევს, მისთვი კი ადამიანური თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიული.

ვლადიმირ კეხმანი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის გარდა დაკავშირებულია სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრთანაც. მიხაილოვის თეატრმა 2017 წელს ქართველ ოპერის მომღერალთან, პაატა ბურჭულაძესთან გააფორმა ხელშეკრულება და ის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს, რომელსაც სპექტაკლებში ვოკალისტის რანგშიც უნდა მიეღო მონაწილეობა. ვლადიმირ კეხმანს მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის ჯილდო კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში მიაწოდა. ის აცხადებდა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს იანვრის ბოლოს უნდა შეხვედროდა. ნინო ანანიაშვილი რუსული თეატრალური დასის ხელმძღვანელობის პარალელურად, არ აპირებდა, დაეტოვებინა ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელობა. ამ დროისთვის ბუნდოვანია, დარჩება თუ არა ის ქართული დასის ხელმძღვანელად.

ნინო ანანიაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში 2016 წლის თებერვალშიც მოექცა, როცა მან მოსკოვში თავისი პედაგოგის, გამოჩენილ ბალერინა რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურის საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. „ის ჩემი მეორე დედა იყო. მას რუს დედასაც ვეძახდი”, - აცხადებდა მაშინ ნინო ანანიაშვილი.

XS
SM
MD
LG