Accessibility links

site logo site logo

TI-ის კვლევით, 2020 წლის არჩევნებისთვის მინიმუმ 29 მაჟორიტარმა კანდიდატმა შესწირა პარტიას ფული


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს ფული მინიმუმ 29 მაჟორიტარმა კანდიდატმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა შესწირეს. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ "ქართული ოცნების", ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატები. 2020 წლის პირველი იანვრიდან 17 ნოემბრამდე, კანდიდატებისგან ყველაზე დიდი შემოწირულება მმართველმა პარტიამ მიიღო.

კვლევის მიხედვით:

  • "ქართულ ოცნებას" თანხა 30 კანდიდატიდან 7-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 1 035 000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების 5% იყო. შვიდივე მაჟორიტარი კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს მაჟორიტარები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. "იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას";
  • ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" 25 მაჟორიტარი კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) ბლოკში შემავალ პარტიებს 565 670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების 10%-ია. ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს – 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარ კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია);
  • "პატრიოტთა ალიანსის" 29 მაჟორიტარი კანდიდატიდან 7-მა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421 990 ლარი შესწირა, რაც 2020 წლის 1 იანვრიდან პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების დაახლოებით 23 პროცენტია. ამ თანხიდან 185 000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა კანდიდატმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას.

წინასაარჩევნო პერიოდში 9 პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, 37,9 მილიონ ლარამდე დახარჯა. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა "ქართულმა ოცნებამ", ყველაზე ცოტა კი "გირჩმა" - 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაწეულ ხარჯებზე მონაცემები მათ აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ დეკლარაციაში ასახეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG